ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელითა და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.
“არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს – სათაური კეთილშობილია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური… სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ! ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც!”, – წერს უცნობი ავტორი, რომელიც ფაილებს ავრცელებს.
ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.
“ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ისე, ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ, თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება. ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ”, — აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც ასევე ფიგურირებს ფაილებში.
ფაილების თანახმად, ანდრია ჯაღმაიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს მისი შვილებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხში დახმარება სთხოვა.
ფაილების თანახმად, ახალციხისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი რუსეთის მოქალაქე ლ.დ-ს აწვდიდა ინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებისა და პატრიარქის პირადი შეხვედრების შესახებ, ხოლო დანილინასგან 30 000 დოლარი მიიღო.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილი წარსულში აღნიშნულ პირთან ახლო ურთიერთობას ადასტურებს, თუმცა თანხის სანაცვლოდ მისთვის ინფორმაციბის მიწოდებას უარყოფს.
“ძალიან ხშირად ჩამოდიოდა რუსეთიდან ჩემთან სტუმრად, 2007 თუ 2008 წლიდან. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, ბატონ მიშასაც გავაცანი, ყოფილ პრეზიდენტს, რადგან ერთ-ერთი საშუალება იყო, რომ ნორმალიზება გაგვეკეთებინა რუსეთთან ურთიერთობების. იმ პერიოდში ყველამ იცოდა, რომ მე ამ ადამიანთან ვურთიერთობდი. ლუგარის ლაბორატორიას რაც შეეხება, შეიძლება ჩემი განათლების პრობლემაა, მაგრამ ლუგარი ვინ არის და რიჩარდი თუ ჰქვია, საერთოდ ახლა გავიგე თქვენგან. ინფორმაცია როგორ უნდა გადამეგზავნა, რაც არ მქონდა. ეს არის ჩვეულებრივი ფეიკი. ყველამ ყველაფერი შეიძლება თქვა”, — განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
მისი თქმით, თუ სახელმწიფო აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს მის წინააღმდეგ, თანაშრომლობისთვის მზადაა.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, მონაზვნების, მღვდლების, ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა”.
“დარწმუნებული ვარ, კითხვას, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხს გასცემს, როცა ერთი ყოფილი თანამშრომელი გამოვიდა და თქვა, რომ ყველას უსმენენ და რაღაც ფურცლები ააფრიალა. ეს არაფერს ნიშნავს, რასაკვირველია, მაგრამ საკითხის შესწავლა და საზოგადოების საყურადღებოდ მკაფიო კომენტარების გაკეთება აუცილებელია. მე ვფიქრობ, შესაბამისი რეაგირება არ დააყოვნებს. რაღაც ფურცელს რომ ააფრიალებ, მტკიცებულება შეიძლება იყოს კონკრეტული ტელევიზიისთვის, მაგრამ არ იყოს კომპეტენტური საზოგადოებისთვის, თუმცა, დამატებით კითხვებს პასუხები სჭირდება.
ერთადერთი, რაც რაციონალური, სიმართლესთან ახლოს მყოფი განცხადება მოვისმინეთ ოპონენტებისგან, ეს არის, რომ “მანკიერი პრაქტიკა გრძელდება”, ანუ ადასტურებენ, რომ ეს პრაქტიკა იყო”, — განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კითხვებს არ პასუხობენ. ასევე, პროკურატურას არ განუცხადებია გამოძიების დაწყების შესახებ.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეფასებით, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება.
“ის, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, არის ფაქტი. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გასაჩივრებული გვაქვს მოსმენების დღევანდელი მექანიზმი, სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო კონტროლი. უკვე არაერთი შემთხვევა ყოფილა, მათ შორის მედიის მიერ გავრცელებული ფაქტები. რაც შეეხება სკოლის პედაგოგებისა თუ დირექტორების პირად ცხოვრებაში ჩარევას, თუნდაც ეს ფაქტი შეიძლება, არ არის ჯერ გადამოწმებული და დაზუსტებული, საერთო ჯამში, ამ ფაქტების ერთობლიობა და ასევე ინფორმაცია, რასაც სახალხო დამცველი საქმეების შესწავლის შედეგად იღებს, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ასეთი უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება. არამარტო წინასაარჩევნოდ, ზოგადად, არის უკიდურესად სახიფათო და საშიში პრაქტიკა”, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ და დასძინა, რომ ეს არის ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა და რეაგირებას საჭიროებს.