ლ. სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიურო ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამად ოპოზიციური პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას “უაღრესად დამაზიანებელს” უწოდებს და აცხადებს, რომ გახარიას განცხადება მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას. კერძოდ, საქმე ეხება გიორგი გახარიას მიერ დღეს, 13 სექტემბერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან აქვს “უტყუარი ინფორმაცია იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც “ოცნების” ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით მზადდებოდა”.
“გვსურს გამოვეხმაუროთ ქ. თბილისის მერობის კანდიდატის, ბატონი გიორგი გახარიას განცხადებას, თითქოს მას აქვს „უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე“. მსგავსი შინაარსის განცხადება ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას”, -ნათქვამია ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ ის ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად ერთი დღით ევროპაში წასასვლელად მზად არის, სადაც ის ჩააბარებს თმის ანალიზს, რადგან გახარიას თქმით, ეს არის “ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს”.
ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გახარიას ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა საკუთარ განცხადებაში და აღნიშნა, რომ ნარკოლოგიური შემოწმებისას ყველაზე სანდო სწორედ შარდის ანალიზია, თმის ღერის საფუძველზე ჩატარებული ანალიზით კი შეიძლება ვერ დადგინდეს, კონკრეტული პირი მოიხმარს თუ არა ნარკოტიკულ საშუალებებს:
“ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და ნარკოტიკულ საშუალებების ფაქტის დადგენის მიზნით, ნარკოლოგიური გამოკვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 –ის და კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გამოკვლევისას გამოიყენება ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომლის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია. ბიუროში აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, დაუყოვნებლივ, ადგილზევე ხდება ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა და დასკვნის გაცემა. საკვლევ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, სპეციალური ლუქების მეშვეობით და მასზე გამოსაკვლევი პირის ხელმოწერის დატანის შემდეგ, დალუქული ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა ხდება ორ ულუფად შესაბამის ტემპერატურაზე. აღნიშნული პროცედურა ემსახურება გამოსაკვლევი პირისთვის შესაძლებლობის მინიჭებას, რომ სურვილის შემთხვევაში, მის მიერ მოხდეს ბიოლოგიური მასალის გადამოწმება სხვა ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადასამოწმებელი ნიმუშის გატანა გამოსაკვლევ პირს შეუძლია დაუყოვნებლივ, კვლევის დასრულებისთანავე.
რაც შეეხება თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარებას, ბიუროს აქვს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად. თუმცა აღნიშნული მეთოდი ითვლება ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულად (საჭიროებს კონკრეტული რაოდენობის და თმის სიგრძის ნიმუშს, მხოლოდ თავის სხვადასხვა მიდამოდან). ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ნივთიერების თმის ღერში გადასვლას ესაჭიროება მინიმუმ 10-14 დღე. ასევე, ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი”, – განმარტებულია უწყების განცხადებაში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა.
“აქ არის პასუხები, სუფთა ვარ ყველანაირად”, — თქვა მან და თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა ნარკოლოგიური ტესტის გაკეთებისკენ.