პარტიის “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მზადყოფნას გამოთქვამს, ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს, თუმცა, არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, არამედ ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში.
“მარტივია, გამოხვიდე, შემოაგდო თემა არსაიდან და შემდგომ შენივე ტელევიზიებით ჩართო პროპაგანდისტული მაქინა, რომელიც მუშაობს ადამიანის ბრალდებაზე გვერდიდან, სუბიექტურად.
შემდეგ ერთ-ერთ შენივე პროპაგანდისტულ ტელევიზიაში, “რუსთავი 2-ზე” გაურკვეველი მიზეზების გამო მნიშნელოვან ინტერვიუს ჟურნალისტი იწყებს და ასრულებს პრიმიტიული კითხვით: ნარკოტესტს ჩაიტარებთ თუ არა? შემდგომ ამას მოჰყვა სუსის პირობებში მთელი სახელმწიფო მექანიზმის მიერ ინფორმაციის დალექვა გახარიას ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან აქვს “უტყუარი ინორმაცია იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც “ოცნების” ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით მზადდებოდა”.
“იმისთვის, რომ არავის მივცეს ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა, დავხარჯავთ ერთ მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიაში და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში და იქნება საჯარო”, — თქვა გახარიამ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა.
“აქ არის პასუხები, სუფთა ვარ ყველანაირად”, — თქვა მან და თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა ნარკოლოგიური ტესტის გაკეთებისკენ.
ამ თემაზე: