ახალი ამბები

საპატრიარქო გადაიქცა ბიზნესკორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით – ნათელაშვილი

12 სექტემბერი, 2021 • 1838
საპატრიარქო გადაიქცა ბიზნესკორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო “ბიზნესკორპორაციად გადაიქცა”, “რიგი მეუფეები” კი, რომელთაც “ღმერთთან კავშირი დაკარგეს”, ძალადობას აქეზებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ნათელაშვილმა 11 სექტემბერს, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“საპატრიარქო გადაიქცა ბიზნესკორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით. ყველას არ ეხება ეს, მაგრამ მთელი რიგი მეუფეები, ხომ ხედავთ, რისი გამკეთებლები არიან და რა ძალადობის წამქეზებლები არიან, როგორ დაკარგეს კავშირი ღმერთთან, სიყვარულთან…

სიყვარულია ღმერთი, პირველ რიგში. სად არის სიყვარული, ბიზნესმენი მეუფე რომ მივა სახლში და დაიანგარიშებს ბაზრიდან მიღებულ შემოსავალს, სად რჩება იქ ღმერთის ადგილი? აი ამას მოჰყვა ყველაფერი, ლექსოს სიკვდილიც და ამას მოჰყვა სახელმწიფოს შესყიდვა ივანიშვილის მიერ.

ივანიშვილს რომ არ ჰქონოდა მხარდაჭერა საპატრიარქოდან, რომ არ ყოფილიყო ლეგენდები მის ქველმოქმედებაზე, რაც გველმოქმედება გამოდგა, ჩვენ გადავრჩებოდით ამ განსაცდელს. ამიტომ, საპატრიარქომ უნდა გააკეთოს თავისი საქმე და იყოს შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის”, — დასძინა მან.

ნათელაშვილს საპატრიარქო აქამდეც გაუკრიტიკებია. 2018 წელს, მან ილია მეორის ის განცხადება გააკრიტიკა, რომელიც ოპოზიციის მიერ იმავე წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ცნობაზე უარს შეეხებოდა.

“არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ ცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა”, – განაცხადა მაშინ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა.

საპასუხოდ, შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების იმგვარი შედეგით დამთავრებაში “განსაკუთრებული წვლილი” საპატრიარქოსაც მიუძღოდა, სასულიერო პირებისთვის კი მრევლი “კარგა ხანია, ამომრჩეველია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი