ახალი ამბები

არანაირი თანხმობა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან აღარ აქვს – მელია ამნისტიაზე

9 სექტემბერი, 2021 • 1021
არანაირი თანხმობა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან აღარ აქვს – მელია ამნისტიაზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ ამნისტიას არ დათანხმდება. ამის შესახებ მან დღეს, 9 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მელიამ თქვა, “ქართულ ოცნებას”, ერთი მხრივ, მისი დაჭერა არ უნდა, მეორე მხრივ კი, უნდა და ამიტომ სურთ, რომ გადწყვეტილება თავად მელიას მიაღებინონ.

“სასამართლო პროცესის გახსნისთანავე ჩემს ადვოკატს პირველი, რაც ჰკითხა მოსამართლემ, არის შემდეგი – თანახმა ხართ თუ არა, რომ ეს ცნობილი ამნისტია, რომელიც მიიიღეს და ძალაში დღეს შევიდა, გავრცელდეს ჩემზე, ანუ ნიკა მელიაზე. ეს ადამიანები ითხოვენ თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს. ეს სპეკულაციები, განსაკუთრებით, ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, სპეციალურად მოვედი, რომ საბოლოო პასუხი ვთქვა – არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან აღარ აქვს, რომ მე მათ მოწყალებას ვთხოვ, ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია, თითქოს მე სახელმწიფო გადატრიალებას ვახორციელებდი და ახლა ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს. საპროცესო გარიგება უფრო არის, ვიდრე სხვა ყველაფერი. წერტილი დავუსვათ ამ საკითხს. ეს უნდა მიიღოს ამ მოსამართლემ და “ქართულმა ოცნებამაც” საბოლოო პასუხად. ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას არ ვიღებ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს მიიღო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი. კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ.

ოპოზიციის შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტის ასეთი ფორმულირება ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას დილემის წინაშე დაყენებას ემსახურება, რათა მელიამ, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას არ ეთანხმება, ციხე მისთვის მისაღები გზით ვერ დატოვოს. მმართველი გუნდის განმარტებით კი, პროექტი ითვალისწინებს არა წინასწარ თანხმობას, არამედ ამნისტიაზე უარის თქმის მექანიზმს, რაც თანხვედრაშია სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებასთან. ბრალდებულის მიერ ამნისტიაზე უარის თქმის პროცედურა კანონპროექტში გაწერილი არ არის. მელიას ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროცედურა სასამართლოზე იქნება დამოკიდებული.

ამნისტიის კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე ბრალდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო. თუმცა პრეზიდენტს კანონპროექტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია და ძალაში არ არის შესული. უცნოებია, მოესწრება თუ არა ეს პროცედურა ხვალინდელ სასამართლო სხდომამდე.

ამ თემაზე გთავაზობთ სტატიას “ნეტგაზეთის” არქივიდან:

ავალდებულებს თუ არა “ოცნება” მელიას ამნისტიაზე დათანხმებას ან უარის თქმას

მასალების გადაბეჭდვის წესი