ახალი ამბები

ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს – მურსაკულოვის ადვოკატი

9 სექტემბერი, 2021 • 1599
ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს – მურსაკულოვის ადვოკატი

შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღაიარებს და დამულის უფლებას იყენებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, სოფიო გოგლიძემ უთხრა ჟურნალისტებს გუშინ, მურსაკულოვთან პირველი შეხვედრის შემდეგ.

“ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს, ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარსდგენია, არ გავცნობივართ, რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ რას გვედავება [გამოძიება]”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მურსაკულოვს შანაე ბრუკთან არანაირი შეხება არ ჰქონია და არც მეზობლები ყოფილან.

“საერთოდ არ უნახავს, საერთოდ არ იცნობდა”, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 8 სექტემბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობა გახსნეს და დააკავეს თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ. მოგვიანებით მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებული რაფაელ მურსაკულოვია.

შსს-ს ცნობით რაფაელ მურსაკულოვი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

საქართველოში მცხოვრები ავსტრალიელი მასწავლებელი, შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.

ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა.

შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი