ახალი ამბები

შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს

8 სექტემბერი, 2021 • 1987
შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია და დაკავებულია თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

უწყების ცნობით, შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული რ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავეს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

“აღნიშნულ დანაშაულთან, სავარაუდოდ, ხელშეუხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა. მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაე ბრუკის გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა.

გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.”, – განაცხადეს შსს-ში.

შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.

ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი) მუხლით დაიწყო, შემდეგ კი გადააკვალიფიცირა განზრახ მკვლელობის (სსკ 108-ე) მუხლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი