“ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს და ყველას ზრახვებსა თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ”, — ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირია.
მანამდე სხვადასხვა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია რაფაელ მურსაკულოვი, რომელსაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს ფოტო სწორედ ირაკლი ზარქუასთან და სხვა პირებთან ერთად, სამუშაო ადგილად მითითებული აქვს “ქართული ოცნება”. “ტვ პირველის” ცნობით, მურსაკულოვი მთაწმინის ოლქში, საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლად 2021 წლის 23 აგვისტოს, მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დანიშნეს. მურსაკულოვის მამიდა “რუსთავი 2”-თან ადასტურებს, რომ მის სახლში პოლიციელები იმყოფებოდნენ.
“დაახლოებით ნახევარ საათში ათზე მეტი ზარი განხორციელდა “ნაცმოძრაობის” ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან, თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო. უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგრძლივი კამპანიის აწყობას. ახლა კარგად მომისმინეთ! “ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს და ყველას ზრახვებსა თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ. თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებაში და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ “ლიდერშიპში” და ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ.
აქეთ კი სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი რომ გამოერია. ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას”, — წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია და დაკავებულია თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
უწყების ცნობით, შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული რ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავეს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.
ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა.