ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, ავსტრალიელი ქალის მკვლელობის მოტივი ყაჩაღობა იყო

10 სექტემბერი, 2021 • 2723
პროკურატურის ცნობით, ავსტრალიელი ქალის მკვლელობის მოტივი ყაჩაღობა იყო

საქართველოს პროკურატურამ ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაე ბრუკ ედვარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა ყაჩაღობის გაადვილებისა და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით გადაწყვიტა შანაე ბრუკის მოკვლა. მან შანაე ბრუკს კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა. ამ მიზნით მან ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი, დანა კი იქვე მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო. თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – განაცხადეს პროკურატურაში.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილის მეგობრები, მეზობლები, მისი თანამშრომლები და ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა, ასევე, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული პირებიც.

პროკურატურის განცხადებით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შედგა ფოტორობოტი, რომელიც ყველა ოპერატიულ დანაყოფს დაეგზავნა. ამასთან, პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყებებმა სხვადასხვა ვიდეოკამერის ჩანაწერის მიხედვით ბრუკის გადაადგილების მარშრუტიც დაადგინეს, ჩაატარეს სხვადასხვა საექსპერტო კვლევა.

რაფაელ მურსაკულოვს ბრალი ორი მუხლით წარედგინა: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ყაჩაღობას, ანუ თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რომელიც ჩადენილია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას.

“წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ. პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ”, – განაცხადეს პროკურატურაში.

საქართველოში მცხოვრები ავსტრალიელი მასწავლებელი, შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.

ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობა გახსნეს და დააკავეს თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ. მოგვიანებით მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებული რაფაელ მურსაკულოვია.

მურსაკულოვის ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ დაკავებულთან პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებდა და დუმილის უფლებას იყენებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი