ახალი ამბები

სააკაშვილის დაბრუნების მორიგი ანონსი – ორპოლუსიანობის დაბრუნების რისკი?

7 სექტემბერი, 2021 • 1598
სააკაშვილის დაბრუნების მორიგი ანონსი – ორპოლუსიანობის დაბრუნების რისკი?

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნების დღისთვის საქართველოში დაბრუნდება.

მხარდამჭერების იმედისა და ოპონენტების კრიტიკის ფონზე, ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური ველის რადიკალიზაციისა და ორპოლუსიანობის დაბრუნების რისკებს აჩენს.

არის თუ არა ამჟამად რაიმე შეცვლილი წინა შემთხვევებისგან, როდესაც სააკაშვილმა იგივე პირობა დადო? რა მიზანი აქვს მას და რას მოიტანს პრაქტიკაში?

მორიგი ანონსი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული,  ერთ თვეზე ნაკლებ დროში.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ ორშაბათს ვრცლად ისაუბრებდა გეგმებზე საარჩევნოდ.

ორშაბათს, 6 სექტემბერს, საღამოს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ არჩევნების დღისთვის დაბრუნდება საქართველოში.

სააკაშვილის პოლიტიკური ნაბიჯების დამკვირვებლებისთვის ნაცნობია არა მარტო დაპირება საქართველოში ჩასვლის შესახებ, არამედ ეს სცენარიც კი – განცხადების ჯერ დაანონსება და შემდეგ უშუალოდ განცხადება.

იგივე გააკეთა მან, მაგალითად, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ. 6 სექტემბერს განაცხადა, რომ მომდევნო დღეს ისაუბრებდა დაბრუნების შესახებ. 7 სექტემბერს კი საარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშია“ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

როგორც „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჩამოსვლის შესახებ დაპირება სააკაშვილისგან „7-ჯერ“ [7 სხვადასხვა არჩევნების წინ] აქვს ამომრჩეველს მოსმენილი.

„პოლარიზაციის გაღრმავება“?

არის თუ არა შანსი, რომ ამჟამად სააკაშვილი დაპირებას შეასრულებს?

როდესაც 6 სექტემბერს ტვ პირველზე სააკაშვილის ყოფილ თანაპარტიელს, გიგა ბოკერიას, – რომელიც ამჟამად „ევროპულ საქართველოს“ თავმჯდომარეობს, – სააკაშვილის მორიგი დაპირების კომენტირება სთხოვეს, სააკაშვილზე და მის პირობაზე ნაკლები ყურადღება გაამახვილა და ფოკუსი შეცვალა: მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი საერთოდ აღარ იყოს განსახილველიო.

ბოკერიას პასუხი „ევროპული საქართველოსა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ინტერესებითაა ნაკარნახევი – „სააკაშვილის დაბრუნება“ მედიისა და საზოგადოების დღის წესრიგში არ დაბრუნდეს. ამის მიზეზი კი, თავის მხრივ, პოლარიზაციის დაბრუნების რისკია.

პოლარიზაცია, ანუ ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ პოლუსს შორის მკვეთრი, პოლიტიკურად არაჯანსაღი დაპირისპირება, საქართველოს ბოლო წლების არჩევნების ძირითადი მახასიათებელი იყო.

თუმცა მდგომარეობა 2020 წლიდან შეიცვალა, რასაც არჩევნებში პროპორციული ნაწილის გაძლიერებამ და მაჟორიტარულის შესუსტებამ შეუწყო ხელი: 2020 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტში ადგილები 9 პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ მსხვილი პოლიტიკური აქტორების ინტერესებში მუდმივად არის პოლარიზაციის გაღრმავება, რადგან ასეთ დროს მათ მეტი შანსი აქვთ, მიიღონ ან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმა, ან ისეთი ამომრჩევლის ხმა, რომელიც ასე თუ ისე იმედგაცრუებული იყო მმართველი ან ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიით.

მაგალითად, პოლიტიკის მიმომხილველი გია ხუხაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს:

„ამ განცხადებით სააკაშვილი ისევ აბრუნებს ორპოლუსიანობას, – ის კი აღარ ხდება საინტერესო, გიორგი გახარია და სხვა პოლიტიკური ძალები რა შედეგს მიიღებენ, – არამედ „მიშა მოერევა თუ ბიძინა“. ეს დღის წესრიგი მისთვის არის ჩვეული და ამ დღის წესრიგში უნდა დაბრუნება“.

სააკაშვილი და უფრო ფართო ოპოზიციური სპექტრი

სააკაშვილის კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც ამბობს, რომ სააკაშვილის მორიგი განცხადება ხელს უშლის „ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვებას“.

ვაშაძის ძირითადი არგუმენტი ასეთია:

„საქართველოში 1 100 000 ადამიანი არის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. შარშან [2020 წელს] მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხოლოდ 500 000-მა ადამიანმა მისცა ხმა“.

შესაბამისად, ვაშაძის თქმით, „ამ ორპოლუსიანობაში ისევ „ქართული ოცნება” იხეირებს“.

მიშელის დოკუმენტის კონტექსტში

შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა სწორედ შედარებით მცირე ზომის პარტიების მიღებული ხმები.

დოკუმენტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ანულირებულად გამოაცხადა, (იგივე პოზიციას არ იზიარებენ შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეები და მედიატორები) ითვალისწინებს, რომ თუკი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო საერთო პროპორციული ხმების 43%, – ანუ თუკი ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად 57% აიღეს, – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ინიშნება.

თუმცა, თუკი პოლარიზაციის ნიშნები კვლავ გამოჩნდა, – და ახლად გამოჩენილი/მცირე პარტიების ელექტორატმა „ოცნებას“ ან ენმ-ს დაუჭირა მხარი, – ამან შესაძლოა, აღნიშნული მიზნის მიღწევა უფრო გაართულოს.

პოლიტიკის მიმომხილველი გია ხუხაშვილი შენიშნავს, რომ სააკაშვილისგან ასეთი ტიპის განცხადებები ელექტორატის სამობილიზაციოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ:

„უნდა გვესმოდეს, რომ ამ ტიპის განაცხადი მობილიზებას ახდენს ორმხრივად: როგორც მისი, ასევე „ქართული ოცნებისა“ და, ასე ვთქვათ, „ლატენტური ქართული ოცნების“ ელექტორატის“.

„შესაბამისად, ბალანსი რომ დავაყენოთ, მისი განცხადებები, საარჩევნო თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი“, – ამბობს ხუხაშვილი.

შეცვლილი გარემოებები?

მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, – რასაც სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიუთითებენ ხოლმე, – „მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ხელშეკრულება უარყო, მაგრამ ამ ვალდებულებებიდან არ გამოსულა ევროპა და ქართველი ხალხი“.

„შესაბამისად, 2 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი ივანიშვილისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად“, – განაცხადა მან.

და მაინც, შესაძლოა თუ არა, რომ წლევანდელი ვითარება სააკაშვილისთვის რამეს ცვლიდეს და ამჯერად მის ჩამოსვლას მართლა უნდა ელოდოს ქართველი ამომრჩეველი?

გია ხუხაშვილის აზრით, სააკაშვილი საქართველოში ჩავა „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საკმარისი გარანტიები ექნება იმისა, რომ სისტემაში ბზარი შევა და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოხერხდება მისი დაკავება“.

თუმცა 2021 წლის მოვლენებში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იყო, რაც შესაძლოა, სააკაშვილის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა მოახდინოს: ნიკა მელიას დაპატიმრება და შემდეგ გათავისუფლება, რამაც მისი იმიჯი პარტიაში მნიშვნელოვნად გააძლიერა.

სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა ემუქრება. ამ საკითხზე საუბრისას მან 6 სექტემბრის მიმართვაში თქვა: „დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი საკუთარ თავსაც გაითავისუფლებს და მეც გამათავისუფლებს“.

ამაზე აზრი გია ხუხაშვილსაც ვკითხეთ: შეიძლება თუ არა, რომ სააკაშვილს ნიკა მელიას მაგალითით ჰქონდეს იმედი იმისა, რომ თუ დააკავებენ, ზეწოლის შედეგად გათავისუფლდება?

„საკუთარ თავს ხედავს პოლიტიკის ცენტრში“

„არა მგონია. ის არ არის ისეთი ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც მზად არის, რომ დაიჭირონ. განა იმიტომ, რომ ეშინია. არა, უბრალოდ, მისთვის არ არის კომფორტული ეს მდგომარეობა“, – ამბობს ხუხაშვილი.

ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ გაუგებარია, პოლიტიკურად რა სარგებელს ეძებს სააკაშვილი პარტიისთვის, და ეს განცხადება „პირადი ამბიციების კუთხით შეიძლება იყოს საინტერესო“.

„მე უფრო მგონია, რომ ის ამ მოლოდინს „კიდებს“ უბრალოდ, უნდა, რომ მომდევნო 1 თვე ვილაპარაკოთ ამაზე, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, დღის წესრიგის მთავარი თემა იყოს ის მუდმივად“, – ამბობს მიმომხილველი.

ხუხაშვილი პოლიტიკოსებს 2 ტიპად ყოფს:

  1. ისინი, რომლებიც საკუთარ თავს ხედავენ სახელმწიფოს მშენებლობაში და თავის თავს ამ სიტუაციაში განიხილავენ, როგორც შემსრულებელს;
  2. ისინი, ვინც სახელმწიფო ინტერესის ცენტრში ხედავენ საკუთარ თავს.

„სააკაშვილი არის მეორე ტიპის პოლიტიკოსი. ის ამბიციური ადამიანია და პოლიტიკა უნდა საკუთარი თავისთვის. ის პოლიტიკის ცენტრში საკუთარ თავს ხედავს, სხვანაირად პოლიტიკა ვერ წარმოუდგენია. თუმცა მისი მცდელობები, საკუთარ თავზე ააგოს მთელი პოლიტიკური პროცესი, არაერთხელ მარცხით დასრულდა და არანაირი საფუძველი იმისა, რომ ახლა სხვანაირად დამთავრდება, მას არა აქვს“, – ამბობს კომენტატორი.


პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა დამაზიანებლად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას საარჩევნოდ „საქართველოში ჩამოსვლასთან“ დაკავშირებით.

ვრცლად გირჩევთ:

„ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს“ – პარტიების რეაქცია სააკაშვილის „დაბრუნებაზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი