Reuters სექტორიდან ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ომსკის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ, რომელიც უდიდესია რუსეთში, მუშაობა შეაჩერა უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ. ციმბირის სიღრმეში მდებარე საწარმოზე ორშაბათს მიტანილი იერიში ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე შორეული თავდასხმა იყო.

სავარაუდოა, რომ ეს გააღრმავებს საწვავის დეფიციტს მთელ ქვეყანაში. ციმბირში პუტინის წარმომადგენელმა თქვა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქარხნის ობიექტები და პერსონალი არ დაშავებულა.

 „ამჟამად მიმდინარეობს ზარალის შეფასება, კომპეტენტური სამსახურების მიერ ორგანიზებულია აღდგენითი სამუშაოები“, – თქვა ანატოლი სერიშევმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ აისახა ეს ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ოპერაციებზე.

გამოცემა წერს, რომ კომპანია „გაზპრომ ნეფტს“ (Gazprom Neft), რომელიც აღნიშნულ ქარხანას ფლობს, კომენტარის მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ არ უპასუხია.

წყაროების თანახმად, თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა ნავთობის პირველადი გამოხდის დანადგარი, CDU-10, რომელზეც მოდის ქარხნის საწარმოო სიმძლავრის დაახლოებით 38%.

წყაროებმა განაცხადეს, რომ გაჩერდა პირველადი გადამუშავების კიდევ ერთი დანადგარი – CDU-11 —  მასზე ქარხნის სიმძლავრის 37% მოდის. წყაროები ამბობენ, რომ უშუალოდ ეს დანადგარი არ დაზიანებულა, მწყობრიდან გამოვიდა მისი მუშაობისთვის აუცილებელი რამდენიმე ქსელური კავშირი.

Reuters-ს ინფორმატორები ეუბნებიან, რომ CDU-11-მა, რომელიც ექსპლუატაციაში 2023 წელს შევიდა, შესაძლოა მუშაობა უახლოეს მომავალში განაახლოს.

გამოცემა წერს, რომ ომსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას აქვს ნავთობის პირველადი გადამუშავების ორი კონსერვირებული დანადგარი — CDU-7 და CDU-8, თეორიულად, ქარხანას შეუძლია მათი ხელახლა ამუშავება.