ახალი ამბები

სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა

6 სექტემბერი, 2021 • 2203
სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან ქართველ ემიგრანტებსაც მოუწოდა, ვისაც აქვს საშუალება არდადგების აღების, რომ ასევე ჩამოვიდნენ საქართველოში.

სააკაშვილის თქმით, მარშრუტის, თარიღის, სატრანსპორტო საშუალების და სხვა დეტალების შესახებ ცნობებს საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.

მისი თქმით, მართალია, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გავიდა, მაგრამ ამ ვალდებულებებიდან ევროპა და ქართველი ხალხი გამოსული არ არის, “შესაბამისად, 2 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი ივანიშვილისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად”.

სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია საქმეები, რომელიც მას ხელს არ უშლის ევროპაში მოგზაურობისაგან, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს საქმეები გაყალბებულია. მისი თქმით, არც დაპატიმრების ეშინია.

“დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი საკუთარ თავსაც გაითავისუფლებს და მეც გამათავისუფლებს. არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველ ხალხს. არანაირი რევანში არ იქნება, უნდა დავასრულოთ ყველანაირი რევანშის წრე, მაგრამ ამის პარალელურად ივანიშვილი მოიტანს თითოეულ კაპიკს უკან. ის აუნაზღაურებს ზარალს ქართველს ხალხს, რომელიც მიაყენა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ნადგურდება ფასეულობები, მომავალი საეკლესიო ცხოვრების წესი და ა.შ. “რასაც ვერ შევეგუებთ, ეს არის ბოლო ზღვარი, როცა ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა და ჩავერთოთ პროცესში”. მისი თქმით, ძალადობის შემთხვევაში “უნდა გავცეთ პასუხი და შევუბრუნოთ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე”.

სააკაშვილის თქმით, მმაართველი გუნდი შეეცდება არჩევნების გაყალბებას, რისი საშუალებაც საზოგადოებამ არ უნდა მისცეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი