ახალი ამბები

შექმნილია სპეციალური აპლიკაცია კოვიდ-სტატუსის დასადგენად – ბექა ფერაძე

7 სექტემბერი, 2021 • 1091
შექმნილია სპეციალური აპლიკაცია კოვიდ-სტატუსის დასადგენად – ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციის სამსახურის დირექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, უკვე შექმნილია სპეციალური აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წაკითხის საშუალებით დაადგენს მოქალაქის კოვიდ-სტატუსს.

“შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია კოვიდ-სტატუსის დადგენის მიზნით, ესაა ე.წ. Covid-Pass-ის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას.

მოგეხსენებათ, ბევრგან, ისევე როგორც ჩვენთან, ე.წ. “მწვანე ზონებზე” მიმდინაორებს საუბარი.

ამ აპლიკაციით დაცულია პერსონალური მონაცემები. მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მისი მონაცემების დამუშავებას.

აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტისა და ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის პასუხს.

იქნება ინფორმაცია ვაქცინაციის სრული კურსისა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ვირუსის შესახებ”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით, იგეგმება ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რათა აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია გააცნონ.

“ვიწყებთ ბიზნესთან აქტიურ შეხვედრებს. უახლოეს დღეებში გავაცნობთ მათ, თუ როგორ შეიძლება ამ აპლიკაციის გამოყენება.

ეს არის პირველ ეტაპზე სარეკომენდაციო ხასიათის. ბევრმა ორგანიზაციამ მათივე სურვილით დანერგა აპლიკაცია. ჩვენ გადავამოწმეთ და საკმაოდ წარმატებით არის აპლიკაცია გაშვებული.

სექტორული მიმართულებით, როდესაც ბიზნესთან წარვადგენთ ამ აპლიკაციას, მათ შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკაში დანერგონ მწვანე ზონების სარგებლობის ის თავისებურებები, რომელიც მას ახასიათებს”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, აპლიკაცია მარტივი იქნება და იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ სმარტფონი, შესაძლებლობა ექნებათ, QR კოდი ფურცელზე ამობეჭდონ და ისე წარადგინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი