ეკონომიკა

“მწვანე პასპორტები”: შემოწმდა 2000 და დაჯარიმდა 5 დაწესებულება – ფერაძე

6 დეკემბერი, 2021 • 2384
“მწვანე პასპორტები”: შემოწმდა 2000 და დაჯარიმდა 5 დაწესებულება – ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, საქართველოში “მწვანე პასპორტების” ამოქმედების შემდეგ უწყებამ 2 000-მდე ობიექტი შეამოწმა და მათ შორის 5 დააჯარიმა.

ფერაძის განმარტებით, შემოწმებული ობიექტების უმეტესობა “მწვანე პასპორტთან” დაკავშირებულ წესებს იცავს. იმ ობიექტების დიდ ნაწილს, ვინც აღნიშნულ წესებს არ იცავდა, შრომის ინსპექციამ რეკომენდაცია მისცა.

“ბიზნესის ძირითადი ნაწილი მზად შეხვდა პროტოკოლს, რომელიც დადგენილია “მწვანე სტატუსის” მატარებელი ადამიანის მიმართ. არის გარკვეული გამოწვევებიც, მაგრამ, წინა კვირას ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათით შემოვიფარგლებოდით. ვასწავლიდით და რეკომენდაციას ვაძლევდით სხვადასხვა ბიზნესობიექტს, თუ როგორ უნდა დაინერგოს ეს პროცესი სწორად”, – განმარტა ფერაძემ.

მისი თქმით, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით “მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით ბიზნესობიექტების მონიტორინგს აგრძელებს.

1 დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს “მწვანე პასპორტის” წარდგენა მოეთხოვებათ კვების ობიექტებში, სასტუმროებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, ფიტნესდარბაზებში და სხვა. “მწვანე პასპორტი” აუცილებელი არ არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სურსათის მაღაზიებში.

მწვანე სტატუსი აქვს პირს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი. ამასთან, ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს კორონავირუსი გადატანილი საქართველოში მუდმივი “მწვანე სტატუსი” ენიჭება.

ამავე თემაზე ვრცლად:

რა პრობლემა აქვს ქართულ „მწვანე პასპორტს”

მასალების გადაბეჭდვის წესი