ახალი ამბები

ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამით 200 ლარი 60+ ასაკის 92 110-მა პირმა მიიღო

21 დეკემბერი, 2021 • 3091
ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამით 200 ლარი 60+ ასაკის 92 110-მა პირმა მიიღო

60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეების კოვიდ ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამით ამ დრომდე 92 110-მა ადამიანმა ისარგებლა. აღნიშნული მონაცემი „ნეტგაზეთს“ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიაწოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს ამ ასაკობრივი ჯგუფის ის მოქალაქეები იღებენ, რომლებიც 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ.

ჯამში, სააგენტოს ინფორმაციით, ამ მიზნით სულ 18 422 000 ლარი გადაირიცხა. მოქალაქეები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თანხას თვის პირველ ან 15 რიცხვებში იღებენ:

„200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება. დღეის მდგომარეობით 92 110 ადამიანს გადაერიცხა, ჯამში, 18 422 000 ლარი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია თვის განმავლობაში ორჯერ (პირველ და 15 რიცხვებში) მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

2021 წლის 21 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 399 482 აცრა. აქედან, სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 260 157 ადამიანი, რაც 18 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის 43.8%-ს შეადგენს.

სრულად ვაქცინირებულია 1 088 111 ადამიანი, რაც 18+ ასაკის მოსახლეობის 37.9%-ია. ამ დროისთვის ვაქცინის ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 50 209 ადამიანს. 20 დეკემბერს, ჯამში, აიცრა 13 743 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი