ახალი ამბები

როგორ დაგვიცვა ვაქცინაციამ COVID-19-ის გადადებისგან – ხატია ყურაშვილი

6 სექტემბერი, 2021 • 1777
როგორ დაგვიცვა ვაქცინაციამ COVID-19-ის გადადებისგან – ხატია ყურაშვილი

“მას შემდეგ, რაც დავინახე [კოვიდ] ტესტზე ორი ხაზი, მუხლებში ძალა წამერთვა”, – ასე იხსენებს ხატია ყურაშვილი 24 აგვისტოს, როცა მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მის ორივე შვილს და კიდევ 2 ახლობელს, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდა კორონავირუსი ჰქონდათ, თავად და მის მეუღლეს ვირუსი არ დადასტურებიათ. ხატია ამას ვაქცინაციას უკავშირებს.

“ვიყავით დასასვენებლად, ცალკე სახლი გვქონდა ნაქირავები. შეუძლოდ გრძნობდა თავს უფროსი შვილი, რომელიც 18 წლისაა. მას შემდეგ, რაც დაიწყო პანდემია, ძალიან ვფრთხილობ და ყველა რეგულაციას ვიცავ. შესყიდული მაქვს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები და შეუძლოდ თუ გრძნობს ოჯახის რომელიმე წევრი თავს, მუდმივად ვიტესტებით. ორჯერ გავტესტე ერთ ღამეში და შემდეგ უკვე PCR-თაც დადასტურდა”, – იხსენებს ხატია ყურაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იმავე ღამეს მის სამი წლის შვილსაც გამოუვლინდა. გამომდინარე იქიდან, რომ პატარა ცუდად გრძნობდა თავს, PCR ტესტის გასაკეთებლად აღარ წაუყვანიათ. მაგრამ იმის გამო, რომ ვირუსი მათთან ერთად მყოფ კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, მიიჩნიეს, რომ მცირეწლოვანიც კოვიდით იყო ინფიცირებული:

“პატარა სამი წლის არის, იმავე ღამეს მისცა მაღალი სიცხე, თან დაერთო ენტეროვირუსი, ძალიან შეუძლოდ გრძნობდა თავს. ამიტომ აღარ ვაწვალეთ და აღარ წავიყვანეთ PCR ტესტის გასაკეთებლად. სწრაფმა ტესტმა უარყოფითი აჩვენა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ დასასვენებლად ორი ოჯახი ერთად ვიყავით და იმ მეორე ოჯახის ორ წევრსაც დაუდასტურდა [კოვიდი], ანუ, საბოლოო ჯამში, 6 ადამიანიდან 4-ს, ვფიქრობ, ჩემს პატარასაც კოვიდი ჰქონდა” ,- ამბობს ხატია.

როგორც ხატია ყურაშვილი “ნეტგაზეთთან” ჰყვება, იზოლაციის დაცვა პრობლემა არ ყოფილა, სახლში დარჩნენ, პროდუქტებით კი ახლობლები ამარაგებდნენ. პარალელურად, კომუნიკაცია ჰქონდათ პედიატრთან, რომლის მითითებების შესაბამისადაც მკურნალობას სახლის პირობებში გადიოდნენ.

ხატიას თქმით, მას და მის მეუღლეს კორონავირუსი ვაქცინაციის წყალობით არ გადასდებიათ. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, თავად სინოვაკის ვაქცინით ივნისის თვეში აიცრა, შესაბამისად, ორგანიზმში უკვე იყო ანტისხეულების საკმარისი რაოდენობა გამომუშავებული. მისი ქმარი კი ფაიზერის მეორე დოზით წინა დღით იყო აცრილი, თუმცა, ამის მიუხედავად, ვაქცინამ ისიც დაიცვა:

“ჩემმა მეუღლემ წინა დღეს გაიკეთა მეორე დოზა ფაიზერი და მიუხედავად ამისა, ამანაც იმუშავა. ერთმა დოზამაც დაიცვა. კოვიდ-დადასტურებული უფროსები მაინც იყვნენ იზოლირებულები, თუმცა პატარასთან ვერ ვახერხებდით სრულ იზოლაციას”, – ამბობს ხატია ყურაშვილი.

მისი თქმით, ცდილობდა მცირეწლოვან შვილთან ყოფნისას პირბადე ჰკეთებოდა, მაგრამ ზოგჯერ ამასაც ვერ ახერხებდა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე:

“კი ვცდილობდი ნიღაბი მქონოდა, მაგრამ როცა მაღალი სიცხე ჰქონდა, ბავშვი წუხდა, ხელში ტარება მიწევდა, ნიღბის გაკეთებასაც ვერ ვახერხებდი ხანდახან. იყო შემთხვევა, როცა ძალიან აუვარდა სიცხე, 40 გრადუსამდე ჰქონდა და სველ ზეწარში გახვევაც კი დაგვჭირდა, რომ ეს ტემპერატურა დაგვეგდო. ამ დროს უკვე ნიღაბზე და შენს თავზე აღარ ფიქრობ. თუმცა იმუშავა ვაქცინამ და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ ერთადერთი ხსნა ვაქცინაციაშია”, – ამბობს ხატია ყურაშვილი “ნეტგაზეთთან”.

ხატიას თქმით, მის შემთხვევაში ვაქცინამ ნამდვილად იმუშავა და მიიჩნევს, რომ საჭიროა ვაქცინაციის ასაკმა კიდევ უფრო დაიწიოს, რათა შედარებით დიდი მასის მოცვა მოხდეს პატარების დასაცავად:

“მას შემდეგ, რაც დავინახე ტესტზე ორი ხაზი და პოზიტიური პასუხი ვირუსზე, მუხლებში ძალა რომ წამერთვა, დღევანდელი პოსტით დავიბრუნე სიმშვიდე. ბავშვთან ვირუსი ენტეროვირუსის ფონზე მიდიოდა, სამი დღე ჰქონდა მაღალი სიცხე და ენტეროვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუმცა დღე-ნახევარში შეწყდა ეს პროცესი და შემდეგ დაიწყო ბავშვმა ძალების აღდგენა. 4-5 დღე ჰქონდა ყველას სიმპტომები და მე-6 დღიდან თავს კარგად გრძნობდნენ, თუმცა არ გავდიოდით გარეთ სხვა რომ არ დაგვეინფიცირებინა”, – ამბობს ხატია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აუცრელ პირებს თითქმის 5-ჯერ მეტი შანსი აქვთ, კორონავირუსით დაინფიცირდნენ, ვიდრე სრულად აცრილ ადამიანებს. ამავე კვლევის მიხედვით, იმ პირებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებიათ და კორონავირუსით დაინფიცირდნენ, 29-ჯერ მეტი შანსი აქვთ, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეთ, ვიდრე მათ, ვინც სრულად არიან აცრილები. აღნიშნული სტატისტიკა ლოს ანჯელესის ოლქში 1 მაისიდან 25 ივლისამდე შეგროვებულ მონაცემებს ეფუძნება. თუმცა ორჯერადად აცრილ პირებსაც შეიძლება გადაედოს კორონავირუსი და შემდეგ უკვე თავადაც გახდეს გამავრცელებელი, შესაბამისად, ექიმები უსაფრთხოების ზომების დაცვას ყველას ურჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი