ახალი ამბები

შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმა პარლამენტმა შეიძლება არ მიიღოს

6 სექტემბერი, 2021 • 1657
შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმა პარლამენტმა შეიძლება არ მიიღოს

“ქართული ოცნება” მიზანშეწონილად არ მიიჩნევს შარლ მიშელის შეთანხმებით და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის დამტკიცებას.

წინაისტორია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანმხებით გათვალისწინებულია გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა. შეთანხმების საფუძველზე “ქართული ოცნების” და ოპოზიციის მიერ ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე გაიმართა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ავტორები არიან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ანრი ოხანაშვილი. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად:

  • მომდევნო ორი არჩევნებისას პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც ხმების 2% მაინც მიიღეს.
  • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.
  • მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.“.

განხილვა პარლამენტში

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს, 5 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაიწყო და ხვალ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. კომიტეტის სხდომამდე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე დახურულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში გათვალისწინებულ მესამე საკითხს — გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობის არჩევას — აბსურდულად მიიჩნევს და ამ ნორმასთან დაკავშირებით დისკუსია გაგრძელდება.

“ორ საკითხთან დაკავშირებით — ბარიერის და ფრაქციების ნაწილში — ჩვენ უცვლელად მხარს დავუჭერთ ამ კანონპროექტს, რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის საკითხს, ამაზე გაგრძელდება დისკუსია დღეს და ხვალ. იმის მიხედვით, ჩვენი შეფასებით თუ როგორი იქნება ამ დისკუსიის შედეგები, პროექტში ან დარჩება ეს პუნქტი, ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი. ყველა პარტია თანხმდება, რომ როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პროექტის დანარჩენ პუნქტებს ყველა პარტია დაუჭერს მხარს”, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით რაც იყო ასახული 19 აპრილის “ანულირებულ” შეთანხმებაში, “თავისი შინაარსით აბსურდულია”.

“ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, შეიძლება შეურაცხმყოფელიც კი იყოს ასეთი ნორმისთვის ხმის მიცემა, როდესაც საუბარია მის კონსტიტუციაში შეტანაზე. დისკუსია გაგრძელდება და ხვალ პროექტს ან ამ პუნქტით, ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი”, — დასძინა კობახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ევროპის არცერთ ქვეყანაში არ აირჩევა გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით, როგორც ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით არის გათვალისწინებული.

“ერთი წლის ვადა არის პრობლემური და კონსენსუსი ერთ პირთან დაკავშირებით პრაქტიკულად არის შეუძლებელი პოლიტიკურ ველზე. ველოდებით კონტრარგუმენტებს და საბოლოოდ, როგორი ფორმით იქნება მიღებული, გაირკვევა პლენარულ სხდომაზე”, — თქვა ოხანაშვილმა.

პროკურორის არჩევის წესის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან ამოღებას მხარი დაუჭირეს “ევროპელმა სოციალისტებმა” და თქვეს, რომ სრულიად გამართლებულია, გენერალური პროკურორი უმრავლესობამ დანიშნოს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან გენერალური პროკურორის შესახებ ჩანაწერის ამოღების მომხრეა “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანიც.

“გენერალური პროკურორის არჩევის წესი ვერ უზრუნველყოფს შედეგის მიღწევას, ისევე, როგორც ვერ უზრუნველყო ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ნაწილში. ჩემი პოზიცია ამ ჩანაწერთან დაკავშირებით თავიდანვე იყო უარყოფითი. ამ ჩანაწერის მიღებით მივიღებთ უარეს მდგომარეობას, ვიდრე გვაქვს დღეს. ჩვენ მივიღებთ ერთი წლით არჩეულ გენპროკურორს, რომელიც იქნება კიდევ უფრო მორჩილი, ვიდრე გვყავს დღეს”, — თქვა იოსელიანმა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ საკომიტეტო მოსმენაზე მხარი დაუჭირა პროექტს, რათა, მისი თქმით, ხელისუფლებას არ მისცეს შეთნხმების ჩაშლის დამატებითი საბაბი.

დეპუტატ შალვა შავგულიძის თქმით, “ლელო” ეწინააღმდეგება გენერალური პროკურორის შესახებ შეთანხმებული ნორმის კანონპროექტიდან ამოღებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით იმის მიხედვით მიიღებს, შეექმნება თუ არა საფრთხე პროექტით გათვალისწინებულ სხვა სიკეთეებს.

“ქართული ოცნების” წევრებმა საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნეს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა მათ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის ვალდებულებისგან ათავისუფლებს. კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებები იმ დათქმით მიიღო, რომ პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი დამატებითი არგუმენტების წარმოდგენის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი