თალიბანი ირწმუნება, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე დაიკავა პანჯშირის ხეობა. ეს იყო ერთადერთი რეგიონი ავღანეთში თალიბანის კონტროლს მიღმა მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ დედაქალაქი ქაბული დაიკავა.
როგორც ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე თალიბანის პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, ხეობიდან გაქცეულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მათ სამხედრო წინააღმდეგობას უწევდნენ. მისივე ინფორმაციით, ხეობაში დღეიდან აღდგება სატელეფონო და ინტერნეტ-კავშირი, ასევე- ელექტროენერგიის მიწოდება.
თალიბანმა აღნიშნულ რეგიონს ყველა საკომუნიკაციო არხი მას შემდეგ გადაუკეტა, რაც პანჯშირის ხეობაში თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. თალიბანისვე ინფორმაციით, ავღანეთიდან მეზობელ ტაჯიკეთში გაიქცა ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი, რომელიც 15 აგვისტოდან თავს სწორედ ამ ხეობას აფარებდა.
ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ პანჯშირის ხეობის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებს ხეობაში თალიბანის შესვლა.