ახალი ამბები

ავღანელი ქალების აქცია თალიბანის მიერ კონტროლირებად ქაბულში [ფოტო]

3 სექტემბერი, 2021 • 1523
ავღანელი ქალების აქცია თალიბანის მიერ კონტროლირებად ქაბულში [ფოტო]

პარასკევს, 3 სექტემბერს თალიბანის მიერ კონტროლირებად ქაბულში ავღანელი ქალების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა და მოითხოვა თანასწორობა, ასევე, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების თანამონაწილეობა.

CNN-ის ცნობით, ავღანელი ქალების მარში ქვეყნის ფინანასთა სამინისტროსთან გაიმართა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მცირე დაპირისპირება მომიტინგე ქალებსა და თალიბანის მცველს შორის, რომელიც მათ ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდებს.

ქაბულის დემონსტრაციას ერთი დღით უსწრებდა წინ ქალაქ ჰერატში გამართული აქცია, რომელიც ასევე ქალებმა გამართეს. მათ მოითხოვეს, რომ თალიბანმა ქალებს მუშაობისა და განათლების უფლება არ შეუზღუდოს.

თალიბანი ამბობს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად, ოპოზიციონერებისთვის “ამნისტიას” აცხადებს, ქალებს კი განათლებისა თუ მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ. დაჯგუფება დასძენს, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”.  თუმცა,  CNN-ის ცნობით, მათ უკვე მიანიშნეს, რომ დასაქმებული ქალები სახლში უნდა დარჩნენ დროებით “საკუათარი უსაფრთხოების გამო” და მებრძოლებმა ზოგიერთ ადგილას ქალებს სამუშაო ადგილების დატოვება მოსთხოვეს.

ამიტომ, თალიბანის წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართველობის სისასტიკიდან გამომდინარე, ამ დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს მრავალი ადამიანი ავღანეთის შიგნით თუ გარეთ და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს. ბევრს აქვს მოლოდინი, რომ კვლავაც დაბრუნდება თალიბანის დისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელმაც 2 დეკადის წინ ქალები საჯარო პოლიტიკიდან გააქრო.

პოსტთალიბანის ავღანეთი და ქალთა მდგომარეობა

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომლებიც მრავალი ავღანელის ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის, ბოლო 20 წელიწადში არაერთი მიმართულებით აღინიშნა პროგრესული ტენდენციები. ეს თავისთავად აისახა ახალ თაობაზე, რომელიც თალიბანის შემდგომ ავღანეთში დაიბადა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, ქალთა უფლებების, განათლებისა და დასაქმების კუთხით არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა.

ავღანელი სკოლის მოსწავლე გოგოები. ფოტო: EPA

ავღანელი სკოლის მოსწავლე გოგოები. ფოტო: EPA

BBC-ს თანახმად, 1999 წლისთვის არცერთი გოგო ჩარიცხულა საშუალო სკოლაში, დაწყებითში კი მხოლოდ 9 000 სწავლობდა. 2003 წლისთვის სკოლაში უკვე 2.4 მილიონი გოგო დადიოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ახლა ეს მაჩვენებელი 3.5 მილიონს შეადგენს. საშუალო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტთა მესამედი ქალია.

თუმცა საკითხი ისევ პრობლემურია: Unicef-ის მონაცემებით, 3.7 მილიონზე მეტი ავღანელი ბავშვი სკოლაში არ დადის. მათგან 60% გოგოა.

ბოლო 2 ათწლეული ასევე დაკავშირებულია ცვლილებებთან ქალთა დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. თალიბანის მმართველობის დროს ქალებს თანმხლები კაცების გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. 2019 წლისთვის კი უკვე 1 000 ქალს ჰქონდა დაწყებული საკუთარი ბიზნესი.

თალიბანი ხელისუფლების სათავეში

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

თალიბანმა ავღანეთის ყველა საკვანძო ქალაქი დაიკავა, დედაქალაქ ქაბულში შესვლა კი 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.

თალიბანის პირველი პრესკონფერენცია. ფოტო:EPA-EFE/STRINGER

მასალების გადაბეჭდვის წესი