ახალი ამბები

ხელისუფლებამ არ შეასრულა დახმარების პირობები – ვიოლა ფონ კრამონი

31 აგვისტო, 2021 • 1701
ხელისუფლებამ არ შეასრულა დახმარების პირობები – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ფინანსური დახმარების მისაღებად საჭირო პირობები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით.

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მეორე ტრანშის [75 მილიონი ევრო] მისაღებად მაკროფინანსური დახმარების პირობები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა.

თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ის, რისი უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ “ტვიტერით” გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი