ახალი ამბები

„ლეიბორისტების“ კანდიდატი შავად შეღებილი სახით — რაშია პრობლემა?

30 აგვისტო, 2021 • 5768
„ლეიბორისტების“ კანდიდატი შავად შეღებილი სახით — რაშია პრობლემა?

თბილისის მერობის კანდიდატმა „ლეიბორისტული პარტიიდან“, მიხეილ ქუმსიშვილმა მედიისა და საზოგადოების ყურადღების მისაქცევად თავისი კონკურენტი, დედაქალაქის მერობის კანდიდატი, ნიგერიული წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ გააშარჟა — სახე შავად შეიღება, მისი აქცენტისთვის მიბაძვა სცადა და ვიდეო ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

ვიდეოში პოლიტიკოსი ჯერ ამბობს, რომ ხალხისთვის და განსაკუთრებით, მედიისთვის “საინტერესო აღმოჩნდა კანდიდატის ეგზოტიკურობა და არა შინაარსობრივი მხარე”, შემდეგ კი  შავად შეღებილი სახით და ოგბუნუჯუს აქცენტის პაროდიით ამომჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

თბილისის მერობის კანდიდატის მსგავსი გამოხმაურება საზოგადოების ნაწილმა რასიზმის გამოხატულებად შეაფასა და მიხეილ ქუმსიშვილს ვიდეოს წაშლისკენ მოუწოდა, თუმცა ქუმსიშვილი ბრალდებას არ იზიარებს და უფრო მეტიც, მიიჩნევს, რომ “ბლექფეისით” და შავკანიანი კანდიდატის პაროდიით მედიის რასისტული ქვეტექსტს აკრიტიკებს.

რას ნიშნავს Blackface?

ე.წ. შავი სახე არის თეატრალური მაკიაჟის ფორმა, რომელიც არა შავკანიანი არტისტების მიერ გამოიყენებოდა შავკანიანთა კარიკატურის გამოსახატავად. აშშ-ში ამ პრაქტიკამ პოპულარობა მოიპოვა მე-19 საუკუნეში და გარკვეულწილად, ხელი შეუწყო რასისტული სტერეოტიპების გაღრმავებას. თუმცა “ბლექფეისის” პოპულარობამ 1950-60 წლებიდან იკლო, დღესდღეობით კი განიხილება როგორც შეურაცხმყოფელი ან/და რასისტული აქტივობა.

2019 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სკანდალში გაეხვა 18 წლის წინ, წვეულებაზე გადაღებული ფოტოს გამო, სადაც მას სახე შავად აქვს შეღებილი. ტრუდომ “ბლექსფეისისთვის” ბოდიში მოიხადა. თქვა, რომ იმ დროს არ უფიქრია, თუმცა ახლა აცნობიერებს, რომ ეს რა­სიზ­მი იყო.

შეიცავს თუ არა ქუმსიშვილის ვიდეო დისკრიმინაციის ნიშნებს?

სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთი შუბაშვილი მიიჩნევს, რომ “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, სულ მცირე, დისკრიმინაციის წამახალისებელია.

“მსგავსი შინაარსის ვიდეოების გამოყენება, საარჩევნო კამპანიაში იქნება ეს თუ სხვაგვარ პოლიტიკურ აქტივობაში, მიზანშეწონილი არცერთ შემთხვევაში არ არის. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი კანდიდატის კანის ფერზე აქცენტირებით ხდება მასთან შედარება და მეორე კანდიდატის მხრიდან საკუთარი პოლიტიკური რეკლამის მცდელობა.

ეს არის არასწორი და დამაზიანებელი თანასწორობის პოლიტიკისთვის და ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ერთ კანდიდატს, ისე მთლინად პარტიასაც. აუცილებელია პარტიის პოლიტიკა თანასწორობაზე იყოს დაფუძნებული. ასეთი პრაქტიკა კი არ გვაძლევს შესაძლებლობას, მივიჩნიოთ, რომ მომავალში ეს კანდიდატი იქნება თანასწორობის დამცველი”, — უთხრა შუბაშვილმა ნეტგაზეთს.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს.

“როდესაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც კანდიდატია არჩევნებში, აქცენტს აკეთებს მისი პოლიტიკური კონკურენტის კანის ფერზე, რასაზე, ეს ცალსახად არის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საწინააღმდეგო ქმედება და წარმოადგენს დისკრიმინაციის წახალისებას”, — დასძენს შუბაშვილი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ქუმსიშვილის აქტივობა სიტყვის თავისუფლებაში ექცევა და სამართლებრივი რეაგირების საფუძველი არ აქვს, თუმცა პრობლემურია ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის პერსპექტივის თვალსაზრისით, რადგან ახალისებს და აძლიერებს დისკრიმინაციულ წარმოდგენებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შიდა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც რეაგირებას მოახდენს მათი წევრების დისკრიმინაციულ მოქმედებებზე და თვითრეგულირების პრინციპებს დაადგენს.

თავად პარტიები კი უნდა შეეცადონ, მათი პოლიტიკა იყოს ინკლუზიური. სამწუხაროა, რომ “ლეიბორისტულ პარტიას” თანასწორობის ბაზისური ჩარჩო არ ესმის და საკუთარი ვიდეოპერფორმანსით ღიად დაუშვა რასობრივი დისკრიმინაცია საკუთარ ენაში და გამოხატვაში”, — ამბობს მიქელაძე.

„რასისტი არ ვარ…“

თავად მიხეილ ქუმსიშვილი ამბობს, რომ ვიდეოს მთავარი ადრესატი მედია და საზოგადოების ის ნაწილია, რომლისთვისაც ადამიანი მხოლოდ კანის ფერის გამო არის საინტერესო და რასიზმში, პირიქით, მედიის ნაწილს ადანაშაულებს.

„არავითარი რასისტული ქვეტექსტი არ ყოფილა, ვერავინ დამაბრალებს რასისტობას იმიტომ, რომ მაქსიმალურად ტოლერანტული ადამიანი ვარ. ამ ვიდეოს მთავარი სათქმელი იყო სწორედ ის, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით მედია ამ ადამიანზე აქცენტს აკეთებს სწორედ მისი კანის ფერის გამო.

თეთრკანიანი რომ იყოს, არავინ დაინტერესდებოდა მისი კანდიდატურით, მით უმეტეს, წარდგენილია ისეთი პარტიისგან, 11 წელია პოლიტიკაში ვარ და პირველად გავიგე. მედიის მიმართ იყო ჩემი პრეტენზია, რომ ნაკლებად აკვირდებიან შინაარსობრივ მხარეს, თუ რას საუბრობს კანდიდატი.

ჩემთვის მიუღებელია პრეტენზია, რომ რასისტულად გავაკეთე რაღაც, იმიტომ, რომ ნებისმიერი ხუმრობა, რომელშიც განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანი ფიგურირებს, არ შეიძლება რასიზმად იყოს აღქმული, თუ არ აღვივებ სიძულვილს და ზიზღს განსხვავებული რასის მიმართ, რასაც არასდროს გავაკეთებ. ეს არის ზუსტად თანასწორობა, რომ ხუმრობაც და კრიტიკაც თანასწორად შეიძლებოდეს ადამიანებზე”, — აცხადებს ქუმსიშვილი.

მიხეილ ქუმსიშვილის განმარტებით, ვიდეო იყო რიტორიკულ შეკითხვასავით — “თუ მე მსურს მედიის ყურადღება მივიპყრო, შავკანიანი უნდა ვიყო?”

“ეს არის მთავარი სათქმელი. რასიზმში ტელევიზიებს ვადანაშაულებ მე იმიტომ, რომ კანის ფერის გამო იწვევს ინტერესს და ყურადღებას”, — ამბობს იგი.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მედიის გასაკრიტიკებლად იგივე მიდგომა გამოიყენა, რისთვისაც ამ უკანასკნელს აკრიტიკებს — რასაზე აქცენტირებით ყურადღების მიქცევა — ქუმსიშვილი ამბობს, რომ უბრალოდ, სიტუაცია გააშარჟა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თქმით, მედიის კრიტიკაში ყველა ადამიანი თავისუფალია, თუმცა ეს კრიტიკა და საკუთარი თავის რეკლამირება ისევ ფერადკანიანი ადამიანის მიმართ დისკრიმინაციას არ უნდა ახალისებდეს.

“მხოლოდ მედიის საქმიანობის შეფასება არაა ვიდეო, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია ადამიანის კანის ფერზე და მისი პაროდიის გზით გადაწყვიტა კანდიდატმა საკუთარი პოლიტიკური რეკლამის გაკეთება”, — ამბობს ქეთი შუბაშვილი.

თამთა მიქელაძე იზიარებს “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატის წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატები უფრო პერსონალური საკითხებით შემოწმების ობიექტები არიან და არა — ქალაქის საკითხებზე ორიენტირებული პროგრამების თვალით, თუმცა ამბობს, რომ მედიის ამგვარი პრობლემური მიდგომა ვრცელდება თითქმის ყველა კანდიდატზე და ოგბუნუჯუს გაშუქება გამონაკლისი არაა.

“თუმცა მიხეილ ქუმსიშვილმა ამოარჩია შავკანიანი კანდიდატი და რასას დაუკავშირა მედიის გაშუქების ზემოაღნიშნული პრობლემა, როცა ეს ზოგადი პრობლემაა და ყველა კანდიდატს თანაბრად ეხება. ამ კრიტიკისთვის მან ასევე რასისტული ფორმები გამოიყენა — სახის შავად შეღებვა და ეგზოტიზაციაზე ხაზგასმა, — რაც ნამდვილად იყო რასობრივი და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი.

თეთრკანიანი კანდიდატების კულტურული მახასიათებლების შემთხვევაში ამას არ გააკეთებდა. “ლეიბორისტულ პარტიას” და მის ლიდერს სხვა დროსაც არაერთხელ გაუკეთებიათ დისკრიმინაციული, მაგალითად, სექსისტური ან ანტიისლამური განცხადებები. როგორც ჩანს, ამ პარტიას სერიოზული პრობლემა აქვს თანასწორობის პრინციპებთან და იდეალებთან და ხშირად უშვებს მსგავს შეცდომას”, — ამბობს მიქელაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მიხეილ ქუმსიშვილი არ მიიჩნევს, რომ “ბლექფეისი” და პაროდია ეთნიკურობაზე აქცენტით შეურაცხმყოფელია, თუმცა ამბობს, რომ თუ ოგბუნუჯუ თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს, მისთვის ბოდიშის მოხდა არ მოერიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი