ახალი ამბები

ავღანეთი დატოვა ზარიფა ღაფარიმ, ახალგაზრდა მერმა და აქტივისტმა

26 აგვისტო, 2021 • 7426
ავღანეთი დატოვა ზარიფა ღაფარიმ, ახალგაზრდა მერმა და აქტივისტმა

“ვზივარ და ველი, როდის მოვლენ ჩემთან. არავინაა, ვინც მე ან ჩემს ოჯახს დაგვეხმარება. უბრალოდ, ვზივარ მათთან[ოჯახის წევრებთან] და ჩემს ქმართან ერთად. მოვლენ ისეთ ხალხთან, როგორიც მე ვარ და მომკლავენ. ოჯახს ვერ დავტოვებ. და საერთოდაც, სად უნდა წავიდე?”.

ეს სიტყვები ზარიფა ღაფარიმ ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთს უთხრა მაშინ, როცა ისლამისტური დაჯგუფება თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში ბრუნდებოდა. 29 წლის ღაფარი ყველაზე ახალგაზრდა მერი იყო ავღანეთში. ის 3 წლის წინ დაინიშნა ამ პოზიციაზე ქალაქ მაიდან შაჰრში, რომელიც თალიბანმა 15 აგვისტოს დაიკავა.

BBC-ის თანახმად, ამჟამად ღაფარი, თავის ოჯახთან ერთად, გერმანიაში იმყოფება. მან ავღანეთი 18 აგვისტოს დატოვა, თუმცა ქვეყნიდან გაღწევის ისტორიისა და თანმდევი სირთულეების შესახებ ყოფილმა მერმა ტელეკომპანიას მოგვიანებით უამბო.

თავდაპირველად, ღაფარი მზად იყო გამოწვევისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებდა საშიშროებას, რომელიც ისლამისტებისგან ელოდა. გარდა პოლიტიკური საქმიანობისა, ის ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა ქალთა უფლებებზე. ეს კი, მისი აზრით, საფრთხის წინაშე აყენებდა ულტრაკონსერვატიული დაჯგუფების მმართველობის პირობებში.

“ჩემს ხმას აქვს ძალა, რომელიც არცერთ იარაღს გააჩნია”, — აღნიშნავს ის.

თუმცა ზარიფა ღაფარის ოპტიმიზმი მალე შეიცვალა სასოწარკვეთით, თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ კი პოლიტიკოსს ურჩიეს, თავისი სახლი დაეტოვებინა. BBC-ის თანახმად, რისკები კიდევ უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც დაჯგუფების მებრძოლები ღაფარის საცხოვრებელთან გამოჩნდნენ და მისი დაცვის წევრს სცემეს.

ღაფარის უსაფრთხოება არც იქამდე ყოფილა დაცული: ის არაერთ თავდასხმას გადაურჩა, გასულ წელს კი ქაბულში მამამისი მოკლეს. პოლიტიკოსმა მომხდარში თალიბანი დაადანაშაულა. ახლა, როცა დაჯგუფებამ ქაბული დაიკავა და ხელისუფლებაში დაბრუნდა, მიხვდა, რომ ქვეყნიდან უნდა წასულიყო.

18 აგვისტოს, ოჯახთან ერთად, ავტომობილში ჩაჯდა და ქაბულის აეროპორტისკენ გაემართა. მისი თქმით, მგზავრობისას ცდილობდა, დამალულიყო და განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა ყოველ ჯერზე, როცა მანქანა თალიბანის ბლოკპოსტებს კვეთდა.

“როცა აეროპორტის ჭიშკარს მივაღწიეთ, ყველგან თალიბანის მებრძოლები იდგნენ. დამალვა მიჭირდა”, — დასძინა მან.

ზარიფა ღაფარი ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე. ფოტო: ZARIFA GHAFARI/BBC

აეროპორტში ღაფარისა და მის ოჯახს ავღანეთში თურქეთის ელჩი დახვდა და სტამბოლში გამგზავრებაში დაეხმარა. თურქეთიდან გერმანიაში გაფრინდნენ.

“როდესაც მამა დავკარგე, ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში აღარასდროს ვიგრძნობდი იმავეს. მაგრამ როდესაც თვითმფრინავში ავედი და ჩემი ქვეყანა დავტოვე, ეს იმაზე უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე მამაჩემის დაკარგვა”, — დასძენს ის.

ზარიფა ღაფარის სიტყვებით, ქაბულის დაცემა იყო ყველაზე მძიმე მომენტი მის ცხოვრებაში.

“ვერასდროს შევძლებ, ვაკონტროლო ტკივილი, რომელიც გულში მაქვს. არასდროს ვგეგმავდი ჩემი ქვეყნის დატოვებას”, — ამბობს ღაფარი.

ის გეგმავს, შეხვდეს და ესაუბროს პოლიტიკოსებს, რათა უამბოს მათ თალიბანის პირობებში ავღანელთა ცხოვრების შესახებ. ზარიფა ღაფარის სურს თალიბანთან საუბარიც და მზად არის, “იკისროს ეს პასუხისმგებლობა”, თუმცა, როგორც ამბობს, დაჯგუფებას არ ენდობა. განსაკუთრებით, ქალთა საკითხში.

“მათი სიტყვები არასდროს ემთხვევა მათ მოქმედებებს”, — დასძენს ის თალიბანის მიერ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გახმიანებული დაპირებების პასუხად.

ღაფარი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ავღანეთში დაბრუნდება და უსაფრთხოდ იგრძნობს თავს:

“ეს ჩემი ქვეყანაა — ის მე შევქმენი. წლების მანძილზე ვიბრძოდი ამისთვის. მინდა, მცირე რაოდენობის ქვიშა, რომელიც ჩემი ქვეყნიდან წამოვიღე, დავაბრუნო იქ, სადაც მისი ადგილია”.

პოსტთალიბანის ავღანეთი და ქალთა მდგომარეობა

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომლებიც მრავალი ავღანელის ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის, ბოლო 20 წელიწადში არაერთი მიმართულებით აღინიშნა პროგრესული ტენდენციები. ეს თავისთავად აისახა ახალ თაობაზე, რომელიც თალიბანის შემდგომ ავღანეთში დაიბადა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, ქალთა უფლებების, განათლებისა და დასაქმების კუთხით არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა.

ავღანელი სკოლის მოსწავლე გოგოები. ფოტო: EPA

BBC-ს თანახმად, 1999 წლისთვის არცერთი გოგო ჩარიცხულა საშუალო სკოლაში, დაწყებითში კი მხოლოდ 9 000 სწავლობდა. 2003 წლისთვის სკოლაში უკვე 2.4 მილიონი გოგო დადიოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ახლა ეს მაჩვენებელი 3.5 მილიონს შეადგენს. საშუალო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტთა მესამედი ქალია.

თუმცა საკითხი ისევ პრობლემურია: Unicef-ის მონაცემებით, 3.7 მილიონზე მეტი ავღანელი ბავშვი სკოლაში არ დადის. მათგან 60% გოგოა.

ბოლო 2 ათწლეული ასევე დაკავშირებულია ცვლილებებთან ქალთა დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. თალიბანის მმართველობის დროს ქალებს თანმხლები კაცების გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. 2019 წლისთვის კი უკვე 1 000 ქალს ჰქონდა დაწყებული საკუთარი ბიზნესი.

თალიბანი ხელისუფლების სათავეში

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

გასულ კვირებში თალიბანმა ავღანეთის ყველა საკვანძო ქალაქი დაიკავა, დედაქალაქ ქაბულში შესვლა კი 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.

თალიბანის პირველი პრესკონფერენცია. ფოტო:EPA-EFE/STRINGER

თალიბანი ამბობს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად, ოპოზიციონერებისთვის “ამნისტიას” გამოაცხადებს, ქალებს კი განათლებისა თუ მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ. დაჯგუფება დასძენს, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”.

თალიბანის წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართველობის სისასტიკიდან გამომდინარე, ამ დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს მრავალი ადამიანი ავღანეთის შიგნით თუ გარეთ და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი