შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფხაზ ბლოგერს დაურ ბუავას ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ბუავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არის გადასვენებული და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ბლოგერი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ მუხლით გამოძიების დაწყება სტანდარტული პროცედურული პრაქტიკაა ისეთ შემთხვევებში, როდესაც გარდაცვალების მიზეზი არ ჩანს.

32 წლის ბლოგერი აფხაზეთიდან, დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.

„ტვ პირველს“ ბუავას მეზობლები უყვებიან, რომ კორპუსში საცხოვრებლად ის ერთი წლის წინ გადავიდა და ბოლო პერიოდში მარტო ცხოვრობდა. მათივე ცნობით, კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბუავა შენობაში ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა.

2022 წელს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბუავას ბრალი წაუყენა. მაშინ ბუავას საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს. ის 2021 წელს ტყვარჩელიდან ჩამოვიდა თბილისში და უკან აღარ დაბრუნდა.

ბუავა 2021 წლიდან ტიკტოკზე აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური წერდა, რომ ბუავას ვიდეოები აზიანებდა „ აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.

„ნეტგაზეთმა“ თბილისში გადმოსულ აფხაზ ტიკტოკერთან ინტერვიუ 2021 წლის დეკემბერში ჩაწერა.

თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა