ახალი ამბები

აფეთქებები ქაბულის აეროპორტთან — არის მსხვერპლი

26 აგვისტო, 2021 • 1097
აფეთქებები ქაბულის აეროპორტთან — არის მსხვერპლი

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან, რომლიდანაც 1 კვირაზე მეტია ავღანეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, 2 აფეთქება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

პენტაგონის სპიკერი ჯონ კრისბი ტვიტერზე წერს, რომ უწყება ადასტურებს მსხვერპლსა და დაშავებულებს ამერიკელებსა და სამოქალაქო პირებს შორის. მისივე თქმით, პირველ თავდასხმას, რომელიც აეროპორტის ერთ-ერთ ჭიშკართან მოხდა, მოჰყვა მეორე აფეთქებაც მცირე მანძილის მოშორებით.

ამასთან, საერთაშორისო მედია ციტირებს თალიბანის წარმომადგენელს, რომელიც დასძენს, რომ მომხდარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. მისივე თქმით, დაშავდნენ თალიბანის წარმომადგენლებიც, რომლებიც ტერიტორიას იცავდნენ.

CNN აშშ-ის 3 ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ცნობების თანახმად, თავდასხმის ადგილას ადამიანები თავიანთ ვიზებს ელოდებოდნენ. აფეთქებას მოჰყვა სროლაც.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში დაშავებული მოქალაქეები ჩანან.


აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიდან გაისმა გაფრთხილება მოახლოებული ტერორისტული საფრთხის შესახებ: მოკავშირეების თანახმად, არსებობდა ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი ქსელის მხრიდან თავდასხმის საფრთხე.

ზემოხსენებულის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და გაერთიანებული მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, დაეტოვებინათ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი და ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ისლამური საამიროს აღდგენის შესახებ გამოაცხადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლელმა პარტნიორებმა ქვეყნიდან საკუთარი და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

ამ დროისთვის ქვეყნიდან გამოყვანილია 88 000-ზე მეტი ადამიანი. ქაბულის აეროპორტს 39 წუთში ერთხელ ერთი თვითმფრინავი ტოვებს.

Aljazeera-ს თანახმად, ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს თალიბანი აკონტროლებს და აეროპორტამდე უშვებენ მხოლოდ მათ, ვისაც ამერიკის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან ე.წ. მწვანე ბარათი აქვთ.

უცხო ქვეყნის ჯარებს ავღანეთის დასატოვებლად და ევაკუაციის დასასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვთ. თალიბანი აცხადებს, რომ ეს თარიღი გადახედვას არ ექვემდებარება.

მთავარ ფოტოზე: ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შემდეგ დაშავებულები/ფოტო: Asvaka News

აფეთქებები ქაბულში: ათეულობით დაღუპულს შორის არიან სამოქალაქო პირები და სამხედროები

მასალების გადაბეჭდვის წესი