ახალი ამბები

აფეთქებები ქაბულში: ათეულობით დაღუპულს შორის არიან სამოქალაქო პირები და სამხედროები

26 აგვისტო, 2021 • 842
აფეთქებები ქაბულში: ათეულობით დაღუპულს შორის არიან სამოქალაქო პირები და სამხედროები

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ორ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა როგორც ავღანელ სამოქალაქო პირებს, ისე ამერიკელ სამხედროებს შორის. დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურში დასძენენ, რომ 24 აგვისტოს მომხდარი თავდასხმები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომლებშიც მომხდარის შედეგად დაშავებული და დაღუპული ადამიანები ჩანან. მათი რაოდენობა რამდენიმე საათის მანძილზე დაუზუსტებელი იყო, თუმცა, როგორც BBC-ის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, გარდაცვლილთა რაოდენობა, სულ მცირე, 60-ს შეადგენს. დაშავებულია 140 ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ”(ISIS) აიღო. ტერორისტულმა დაჯგუფებამ ამის შესახებ ცნობა ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოაქვეყნა.

BBC-ის თანახმად, აშშ-ის საზღვაო ძალების გენერალი ქენეთ მაკკენზი ადასტურებს, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნებული თალიბანი და აშშ მოცემულ მომენტში თანამშრომლობენ, რათა შეაჩერონ თავდასხმები. მანამდე თალიბანმა თქვა, რომ აფეთქებები აშშ-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

პირველი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის ერთ-ერთ ჭიშკართან, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. იქ ვიზებს ელოდნენ ადამიანები, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურდათ მას შემდეგ, რაც ისლამისტური დაჯგუფება თალიბანი 20 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნდა.

ამერიკული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებებს, სულ მცირე, 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. მანამდე პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ დაადასტურა სამხედროების დაღუპვა, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიდან გაისმა გაფრთხილება მოახლოებული ტერორისტული საფრთხის შესახებ: მოკავშირეების თანახმად, არსებობდა ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი ქსელის მხრიდან თავდასხმის საფრთხე.

ზემოხსენებულის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და გაერთიანებული მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, დაეტოვებინათ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.

სანამ ISIS აფეთქებებზე პასუხისმგებლობას აიღებდა, თავდასხმაში მთავარ ეჭვმიტანილად განიხილებოდა ISKP — ISIS-თან აფილირებული ჯგუფი, რომელიც ავღანეთში მოქმედებს. მისი სრული სახელწოდებაა “ისლამური სახელმწიფო — ხორასნის პროვინცია”.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, 21 აგვისტოს აღნიშნავდა, რომ ISKP-სგან მოდიოდა “მწვავე” საფრთხე ევაკუაციის პროცესში.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი და ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ისლამური საამიროს აღდგენის შესახებ გამოაცხადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლელმა პარტნიორებმა ქვეყნიდან საკუთარი და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

ამ დროისთვის ქვეყნიდან გამოყვანილია 88 000-ზე მეტი ადამიანი. ქაბულის აეროპორტს 39 წუთში ერთხელ ერთი თვითმფრინავი ტოვებს.

Aljazeera-ს თანახმად, ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს თალიბანი აკონტროლებს და აეროპორტამდე უშვებენ მხოლოდ მათ, ვისაც ამერიკის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან ე.წ. მწვანე ბარათი აქვთ.

უცხო ქვეყნის ჯარებს ავღანეთის დასატოვებლად და ევაკუაციის დასასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვთ. თალიბანი აცხადებს, რომ ეს თარიღი გადახედვას არ ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი