ახალი ამბები

ღარიბაშვილის აზრით, ლომჯარიას ინიციატივა არჩევნების გადადებაზე ენმ-ის გეგმის ნაწილია

25 აგვისტო, 2021 • 1365
ღარიბაშვილის აზრით, ლომჯარიას ინიციატივა არჩევნების გადადებაზე ენმ-ის გეგმის ნაწილია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ინიციატივა, პრემიერმა შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას, რაც “ნაციონალების” გეგმის ნაწილია”.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ამ “მარტივ პროვოკაციაზე” არ წამოეგება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გეგმის მიხედვით ჩაატარებს.

“იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ე.წ. ოპონენტებმა და ოპოზიციამ გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი და საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები. ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი.

ქალბატონი ნინო ლომჯარია დღეს გამოვიდა ინიციატივით, მივმართავ პრემიერს, იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობაო, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას. ეს „ნაციონალების“ მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს ვაქინების შემოსვლამდეც არ მოსვლიათ თავში აზრად არჩევნების გადადება.

“ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა, უბრალოდ, გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, არ გაგვიკვირდება, რადგან ჩვენ ვიცით მათი ხელწერა. ამიტომ მინდა, ყველას მოგიწოდოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, სტაბილურად მივყვეთ ჩვენს გეგმას, არ შევაფერხოთ არც მშვიდობიანი განვითარება, არც სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000  მოსახლეზე კორონავირუსის როგორც გავრცელების, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ ფონზე სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

ომბუდსმენის ეს პოზიცია გაიზიარა ოპოზიციის ნაწილმა, ხელისუფლება კი ამბობს, რომ არჩევნების გადადების იდეა ემსახურება არა ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქებას, არამედ დამარცხებისთვის განწირული ოპოზიციისთვის “მაშველი რგოლის” გადაგდებას.

თავად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ არჩევნების გადადების იდეას არ ემხრობა.

“არათუ გადასადები არ არის არჩევნები, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი”, — ამბობს ნიკა მელია.

ვინ და რატომ (არ) ემხრობა არჩევნების გადადებას

მასალების გადაბეჭდვის წესი