ავღანეთში მყოფი საქართველოს 16-ვე მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება.
ისინი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით ჩამოვლენ.
ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განაცხადეს, რომ მოქალაქეები უკვე აეროპორტში არიან და მალე გამოფრინდებიან.
მანამდე 6 მოქალაქე სამშობლოში უნგრული თვითმფრინავით გამოემგზავრა.
მას შემდეგ, რაც ქაბული თალიბანის მებრძოლებმა დაიკავეს, საქართველოს მოქალაქეები აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებოდნენ, თუმცა ვერ ახერხებდნენ აეროპორტამდე გადაადგილებას.