ახალი ამბები

ავღანეთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს თალიბებმა ცეცხლი გაუხსნეს

19 აგვისტო, 2021 • 1271
ავღანეთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად  გამოსულ მოქალაქეებს თალიბებმა ცეცხლი გაუხსნეს

ავღანეთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს თალიბებმა ცეცხლი გაუხსნეს.

“როიტერსი” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ “თალიბანის” მებრძოლების მხრიდან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ქალაქ ასადაბადში. კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით კი, სროლა იყო ავღანეთის დედაქალაქ ქაბულშიც.

როგორც “როიტერსი” წერს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსული მოქალაქეები ავღანეთის დროშებს აფრიალებდნენ და თალიბების დროშებს ხევდნენ.

“ჩვენი დროშა ჩვენი იდენტობაა”, – სკანდირებდნენ  ქუჩაში ავღანეთის სამფეროვანი დროშით გამოსული მოქალაქეები.

19 აგვისტოს ავღანეთში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, რაც 1919 წელს  დადებულ ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული, რომლითაც ქვეყანაში ბრიტანეთის მმართველობა დასრულდა.

ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ თალიბებიც და აცხადებენ, რომ მათ აშშ დაამარცხეს.

სროლა და მსხვერპლი მოჰყვა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადის მოსახლეობის პროტესტს ქვეყნის ეროვნული დროშის თალიბანის ბანერით ჩანაცვლებასაც გუშინ, 18 აგვისტოს. პროტესტისას ცეცხლი გაიხსნა, რის შემდეგაც მინიმუმ 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

სხვა ყველა საკვანძო ქალაქის დაკავების შემდეგ, თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქში – ქაბულში შესვლა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. ავღანეთი მანამდე ერთადერთი ქალაქი იყო 24 ქალაქიდან, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ ჰქონდა დამყარებული. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში პრეზიდენტი აშრაფ ღანი აღარ იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი