ახალი ამბები

სასამართლომ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა

19 აგვისტო, 2021 • 1088
სასამართლომ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა კაცს, რომელსაც პროკურატურა ქალის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულებას ედავება. კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით აქვს წარდგენილი.

საქმე ეხება გასულ წელს მომხდარ ფაქტს, რომლის მიხედვითაც, ტრაილერის მძღოლმა კაცმა ავტოსტოპზე ახალგაზრდა ქალი ჩაისვა ავტომანქანაში, შემდეგ კი, როგორც ქალი ჰყვება, გაიტაცა და მის გაუპატიურებას შეეცადა.

ქალი იხსენებს, რომ ავტოსტოპით მგზავრობისას, მძღოლი, რომელიც თავდაპირველად თავაზიანი იყო, საბოლოოდ მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა. ქალმა მეგობართან, შემდეგ კი უკვე პოლიციასთან დაკავშირება მოახერხა. კაცმა მხოლოდ პოლიციასთან საუბრის შემდეგ გააჩერა ტრაილერი და ქალს მანქანიდან ჩამოსვლის შესაძლებლობა მისცა.

ქალის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი” იცავს. როგორც საფარის იურისტმა, თამარ ლუკავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ლუკავას თქმით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, გადაწყვეტილება კი დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

ლუკავამ “ნეტგაზეთთან” ისაუბრა სექსუალური ძალადობის შემცველი დანაშაულების განხილვისას სასამართლო პრაქტიკაზე. მისი თქმით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას იშვიათ შემთხვევებში იყენებს, რაც მისი შეფასებით ნიშნავს, რომ სასამართლო ამგვარ დანაშაულებს უბრალოდ არ აღიარებს და არ ცნობს მოსალოდნელ საფრთხეებს:

“სქესობრივ დანაშაულებისას პრაქტიკაში ძალიან იშვიათ გამონაკლისებში ხდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. განსაკუთრებით, როდესაც ისეთი სქესობრივი დანაშაულია სახეზე, რომელსაც არ მოჰყოლია ფიზიკური დაზიანებები, მაგალითად, როგორიცაა სქესობრივი კავშირის იძულება და სხვაგვარი სექსუალური ქმედება.

ამ ორ მუხლთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სასამართლოს პრაქტიკა ასეთია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ უფარდებს და სხვა აღმკვეთ ღონისძიებას იყენებს, როგორიცაა გირაო და თავდებობაც კი. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა, რადგან გამოდის, რომ სავარაუდო დამნაშავეს სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე გარეთ ტოვებს და ამით საფრთხეს უქმნის სხვა ქალებს, რომლებიც შეიძლება ამ პირისგან ისევ გახდნენ ძალადობის მსხვერპლები”, — განმარტა ლუკავამ.

იურისტის ინფორმაციით, ორგანიზაცია აწარმოებს კვლევას, რომელიც საქართველოში შესაძლო სექსუალური დანაშაულების მიმართ საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს პრაქტიკას შეისწავლის. ლუკავას განმარტებით, ამ ეტაპზე ზუსტი სტატისტიკა არ აქვთ, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ სექსუალურ დანაშაულებში შესაძლო მონაწილე პირების მიმართ უმეტესად ან საერთოდ არ იწყება გამოძიება, ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოაქვს:

“ამ ეტაპზე არსებული მონაცემები ძალიან საგანგაშოა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ქალის ხმა იკარგება როგორც საგამოძიებო სისტემაში, ისე — პროკურატურაში და ასევე სასამართლოში. სქესობრივ დანაშაულებს არ აღიქვამენ სერიოზულად და ძალიან ხშირად არც იწყებენ გამოძიებას, ან თუ იწყებენ, არ ხდება დევნის დაწყება პირის მიმართ და თუ სასამართლოში მიდის, ხშირია შემთხვევები, როდესაც გამამართლებელი განაჩენი გამოდის”, — განმარტა ლუკავამ.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ლუკავას განმარტებით, “საფარი” სასამართლოზე მხარეს არ წარმოადგენს, ამიტომ არ აქვს ინფორმაცია, რის საფუძველზე არ შეუფარდა სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა. “ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა უწყებისგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ:

მძღოლს ჩემი გაუპატიურება უნდოდა, ის ჯერ არ დაუკავებიათ – ქალის ისტორია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი