ახალი ამბებისამართალი

მძღოლს ჩემი გაუპატიურება უნდოდა, ის ჯერ არ დაუკავებიათ – ქალის ისტორია

27 ოქტომბერი, 2020 • 2919
მძღოლს ჩემი გაუპატიურება უნდოდა, ის ჯერ არ დაუკავებიათ – ქალის ისტორია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ იცავს ახალგაზრდა ქალის უფლებებს, რომელიც ყვება, თუ როგორ ეცადა კაცი მის გაუპატიურებას.

როგორც ქალი იხსენებს, ავტოსტოპით მგზავრობისას, მძღოლი, რომელიც თავდაპირველად თავაზიანი იყო, საბოლოოდ მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა. ქალმა მეგობართან და შემდეგ უკვე პოლიციასთან დაკავშირება მოახერხა, კაცი კი იდენტიფიცირებულია, თუმცა დაკავებული არ არის.

„საფარიში“ ამბობენ, რომ ამგვარ სქესობრივ დანაშაულს საგამოძიებო უწყება არასათანადოდ იძიებს და მიუხედავად საკმარისი ოდენობის მტკიცებულებისა, დამნაშავეს იშვიათად აკავებს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ თუ ამ საქმეზე სავარაუდო დამნაშავეს გაამტყუნებენ, ეს სასამართლო პრაქტიკაში ერთ-ერთი პრეცედენტი იქნება.

ის ადამიანი დაკავებული არაა, დღემდე მაქვს შიში, რომ ქუჩაში შემხვდება – რას ყვება ახალგაზრდა ქალი?

9 ოქტომბერს მოვდივოდი ზესტაფონიდან თბილისის მიმართულებით, ავტოსტოპით. გამიჩერა ტრაილერმა, რომლის მძღოლიც ჩემზე 1 წლით უფროსი ბიჭი იყო. თავიდან ძალიან კარგი გაცნობა გვქონდა, რაღაცებს ხუმრობდა, იდეალურად მიდიოდა ყველაფერი. კარგი შთაბეჭდილება რომ დაგრჩება პირველივე შეხვედრიდან..

ჩვენი ხუმრობები ფამილარობას არ გასცდენია, არ ყოფილა არაფერი ზღვარდაგასული, მოზომილად ვსაუბრობდით ერთმანეთთან. ერთი მომენტი იყო ხაშურში – ვთხოვე, მანქანა გაეჩერებინა, რათა წყალი მეყიდა. რაზეც მიპასუხა, რომ თვითონ გადავიდოდა მაღაზიაში. უკან ორი ქილა ლუდით დაბრუნდა. თან გამიკვირდა, ლუდი რომ ამოიტანა, თანაც ორი.

ერთი ქილიდან 2-3 ყლუპი დავლიე მხოლოდ წყურვილის მოსაკლავად, თვითონ კი მთლიანი ქილა დალია. შემეშინდა ცოტა და ვკითხე, საჭესთან ხომ არ ეშინოდა.. ესეც ხუმრობა-ხუმრობაში გადაატარა. არაფერი შეცვლილა ჩვენს ურთიერთობაში ამ ეტაპზე, ისევ მარტივ რაღაცებზე ვსაუბრობდით – ამინდზე, კორონავირუსზე და ა.შ.

მე ინტენსიური კომუნიკაცია მქონდა ჩემს მეგობართან, ველაპარაკებოდი ამ ბიჭზე. თანაც, სანამ ავტობანზე გავიდოდით, ეს ბიჭი ფეისბუკზე დავამატე და „სქრინი“ მეგობარს ჩავუგდე.

ავტობანზე დაიწყო მოსაწევისთვის ბოთლის მომზადება, მე უარი ვუთხარი. ავუხსენი, რომ მოსაწევი ჩემზე ცუდად მოქმედებდა. მან კი მიპასუხა, კარგი, თუ შენ არ გინდა, მე მოვწევო. უბრალოდ, დავეხმარე მას ამ პროცედურაში. თვითონ რომ მოწია, ეს კვამლი შემომაბოლა, ჩემზე საკმარისი იყო ეგეც, რომ ემოქმედა, მაგრამ მერე ამ ბიჭმა გააგრძელა, რომ „იქნებ მოწიო, ცუდს არაფერს გიზამს, გასინჯე“. საბოლოოდ, იმდენ ხანს მესაუბრა, რომ მეც გავსინჯე, ოღონდ მინიმალურ რაოდენობაზეა საუბარი, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემთვის ეგ საკმარისი იყო, რომ ემოქმედა. მაგრამ მოძრაობის ან ლაპარაკის უნარი, ასევე, აზროვნების უნარი არ დამიკარგავს.

მოწევის შემდეგ მალევე შემომთავაზა სექსი. ამ შემოთავაზებაში ჩემთვის საშიში არაფერი ყოფილა, უბრალოდ, თავი უხერხულად ვიგრძენი, ვუთხარი უარი და მისი რეაქციაც თავდაპირველად ადეკვატური იყო. მომეხსნა დაძაბულობა ცოტა, მაგრამ ეს ბიჭი არ გაჩერდა, ისევ დაიწყო შემოთავაზებები, თანაც რუტინულად. მშვიდად, აღელვების, შეუარაცხყოფის გარეშე. მეუბნებოდა, რომ – აი, არსად წასვლა არ მოგვიწევს, უკან საწოლი მაქვს და ა.შ. საბოლოოდ ვუთხარი, რომ თუ ეს საუბარი გაგრძელდებოდა, მე უფრო და უფრო დავიძაბებოდი და უხერხულად ვიგრძნობდი თავს, რაც არ მიღირდა, მერჩივნა, რომ მანქანა გაეჩერებინა და ჩამოვსულიყავი.

აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ მანქანაში ძალიან ცხელოდა, ჩართული იყო გათბობა და თანაც, მზე გვაჭერდა. ამიტომ, მოსასხამი და ჟაკეტი თავიდანვე გავიხადე. ჩამოწეული მქონდა ფანჯარა, მაისურსა და სპორტულ შარვალში ვიჯექი. თუმცა ეს ქურთუკი, რაც გახდილი მქონდა, გადაფარებული მქონდა ფეხებზე.

მერე მოჰყვა თითქოს ის, რომ თუ მე სექსი არ მინდოდა, მაშინ რას ვიხდიდი. აქვე მივხვდი, რომ სიტუაცია მძაფრდებოდა, ჩავიცვი ქურთუკი და კიდევ ერთხელ ვუთხარი – მანქანა გაეჩერებინა. რასაც ის არ აკეთებდა და ამბობდა, ქუჩაში ხომ არ დაგტოვებო. ამაზე იწყებოდა საუბარი ხელახლა, ვუხსნიდი, რომ მერჩივნა სხვა მანქანა გამეჩერებინა და წავსულიყავი მშვიდად.

რომ მივხვდი, რომ არ აჩერებდა, ვუთხარი, გადავხტები მანქანიდან-მეთქი. უკვე მომზადებული მქონდა ჩანთაც და მან ხელით მიჩვენა, რომ მანქანა იმგვარადაა ჩაკეტილი – „ჩათვალე, მთლიანად ჩაკეტილია და მანდედანაც ვერ გააღებ“. ხელით მოვსინჯე კარი და ვერ გავაღე.

მერე უკვე გადავიდა ბილწ საუბარზე, ბილწად მიხსნიდა, რომ საწოლი უკან არის და ასევე საუბრობდა სექსის დეტალებზე, რომელსაც გეგმავდა. თანაც ზედმეტად ინტიმური სიტყვებით მიხსნიდა დეტალურად მთლიან აქტს. მე ძალიან შემეშინდა, ტელეფონის აღებისა და დარეკვისაც შემეშინდა. ვფიქრობდი, რომ შეეძლო ეს ტელეფონი წაერთმია და შემდგომ, უკვე, მით უმეტეს, თავიდან ბოლომდე ჩავიკეტებოდი.

მეუბნებოდა, რომ თუ ვიყვირებდი, მაინც ვერავინ გაიგებდა ჩემს ხმას. თავიდანვე შეთანხმება გვქონდა, რომ მართალია, თვითონ რუსთავში მიდიოდა, ის დამტოვებდა თბილისში და ისე გავაგრძელებდით. არც თბილისში აპირებდა შესვლას და მიხსნიდა, რომ თუ მაინც გადავხტებოდი, თავს დავარტყამდი, ჩემს ყვირილს ვერ გაიგებდა ვერავინ. რაც უფრო მეტად მეშინოდა, ვხვდებოდი, რომ მისი სურვილი და განზრახვა უფრო მეტად მძაფრდებოდა.

დამცინოდა, შეურაცხყოფას მაყენებდა სულ. მე შევეცადე, რომ „მესინჯერით“ ჩემს მეგობართან გავსულიყავი კონტაქტზე, ამ ბიჭის ფეისბუკის „სქრინი“ ჩავუგდე და ვუთხარი, რომ პოლიცია გამოეძახებინა. როგორც შემეძლო ისე ავკრიფე ტექსტი, ისე ვწერდი, რომ მას არ დაენახა.

მეგობარმა დარეკა 112-ში, 112-მა გადმომირეკა და მე მას ველაპარაკებოდი ისე, როგორც ჩემს მეგობარს, რომელიც თბილისში მელოდებოდა. ამ დროს მძღოლს უცნაური ქცევა ჰქონდა, ამბობდა, რომ ძალას არ მატანდა, მაგრამ მეორე მომენტში ძალას მატანდა, მაიძულებდა.

ფიზიკური კონტაქტი არ გვქონია, მაგრამ მცდელობა ჰქონდა. მაგალითად, სკამზე ხელი გადადო ისე, რომ ახლოს ყოფილიყო და ა.შ. 112 რომ გამოვიდა კონტაქტზე, ვუხსნიდი, სად ვიყავი ტერიტორიულად, მერე უკვე დამიკავშირდა პატრული. პატრულის თანამშრომელსაც მინიშნებებითა და „კი და არა“ პასუხებით ვუხსნიდი, სად ვიყავი. და როდესაც მიხვდნენ, რომ ჩემთან ახლოს იყვნენ (როგორც ვიცი, 4-5 ეკიპაჟი მეძებდა ავტობანზე), პატრულმა მითხრა, რომ ტელეფონი იმ ბიჭისთვის მიეცა. მან მძღოლს უთხრა, რომ მანქანა გაეჩერებინა.

პირველი რეაქცია ამ ბიჭის იყო ცოტა აგრესიული, თითქოს, ვინ ეკითხებოდა. სავარაუდოდ, შემდეგ აუხსნეს, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო. შემდეგ ჩამომსვა მანქანიდან. ამ მომენტიდან დაახლოებით 3 წუთში შევხვდი პოლიციას. ამ სამ წუთში მივაწოდე მანქანის სრული აღწერილობა, ტრაილერს სპეციფიკური ვიზუალური მახასიათებლები ჰქონდა, ვუთხარი, მისაბმელის ნომრები, ამ ბიჭის ფეისბუკის მონაცემები, მათ მალევე გადაამოწმეს ბიჭი ბაზაში, თუმცა მანქანას პოლიცია არ გაჰკიდებია.

ეს მოხდა დაახლოებით დღის 4 საათზე, ამის შემდეგ პოლიციისგან ვისმენდი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას – „მერე რა მოხდა? ორმა ახალგაზრამ დალიეთ, მოვწიეთ და შემომთავაზა სექსი.. მერე რა მოხდა?!“.

რამდენიმე პოლიციელი მესაუბრებოდა, დაახლოებით, 10-მდე. აქედან მხოლოდ ერთი იყო ქალი და მას შედარებით ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა.

მცხეთის პოლიციაში გადასვლმდე, ერთი საათი ვიდექით ქუჩაში, ცუდადაც კი გავხდი, სასწრაფო მოვიდა.. ამ ერთი საათის მერე გადამიყვანეს კრიმინალურ პოლიციაში და იქ ერთ-ერთი კადრი რაც მახსოვს, გამომიყვანეს შენობიდან და მითხრეს, ახლა პოლიციელებმა უნდა ილაპარაკონო. 40 წუთი ვიდექი გარეთ. არც წყალი შემოუთავაზებიათ, არც უკითხავთ, როგორ ვგრძნობდი თავს.

დაახლოებით საღამოს 10-ზე გამომძიებელი მოვიდა, მანამდე კი ზედაპირულად მეკითხებოდნენ. გვიან ღამით მივეცი ჩვენება, წამიყვანეს კრიმინალურში, ნარკოტესტი ჩამიტარეს. თან მეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ მიმეცა ჩვენება და ჩამეტარებინა ტესტები. რომ იმ ღამესვე დაეწყოთ ძებნა.

მაგრამ ორშაბათ საღამომდე არ მოხდა ის, რომ ეს ადამიანი თუნდაც ამოცნობაზე ამოეყვანათ. ამოცნობაზე პირსპირ შევხვდი, თუმცა ასეთი შეთანხმება არ გვქონია. ამოვიცანი და ჩემს მეგობარს, მოწმეს ჰკითხეს კიდეც, ეს ადამიანი რომ გავუშვათ, საფრთხეს თუ გრძნობთო. ჩვენ ვუთხარით, რომ ამ საფრთხეს ვგრძნობდით.

ახლა კი მოგვდის მუქარები მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრბის მხრიდან, ამასთანავე, ყოველთვის მაქვს მოლოდინი და იმის შიში, რომ ქუჩაში შემხვდება და არ ვიცი, რას იზამს. ეს ადამიანი დღემდე დაკავებული არაა.

რა სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს ეს საქმე? – უფლებადამცველების განმარტება

„სამწუხაროდ, ერთი და იგივე პრობლემას ვაწყდებით ყველგან – სქესობრივი დანაშაულის დროს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე დანაშაულია – ხშირად არ აკავებენ დანაშაულის ჩამდენ პირებს, გამოძიება კი თითქმის ყოველთვის ჭიანურდება“ ,- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.

მისივე განმარტებით, მაშინაც კი, როდესაც დაზარალებულის ჩვენება დამაჯერებელი და ზუსტია და ამასთანავე, სხვა გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული მოხდა – „უსასრულოდ გრძელდება გამამყარებელი მტკიცებულებების მოგროვება, რის გამოც ხანდახან წელი ან მეტია გასული გამოძიების დაწყებიდან, სასამართლოში კი საქმე არ მიაქვთ“.

პატარაია განმარტავს, რომ გაჭიანურებულ გამოძიებასთან ერთად, პრობლემაა ისიც, რომ სქესობრივ დანაშაულებზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა არ ეფარდებათ,მათ შორის, ისეთ საქმეებში, სადაც არასრულწლოვნები ფიგურირებენ.

„მართლმსაჯულებას აქვს სერიოზული პრობლემა. ეს არის დისკრიმინაციული მოპყრობა. გამოძიებისას ან დაზარალებულის ჩვენების სანდოობა დგება ეჭვქვეშ, ან არ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად. ეს ახასიათებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. მძიმე გენდერული დანაშაულის დროს ქალები მეორეჯერ ხდებიან სისტემაში დისკრიმინაციის მსხვერპლი“, – ამბობს ის.

ბაია პატარაია (მარცხნივ) და თამარ ლუკავა (მარჯვნივ)

სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს „საფარის“ იურისტი, თამარ ლუკავაც. ის გვიყვება, რომ ქალს ჯერ კიდევ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტკიცებულებების საჭირო ერთობლიობა.

ლუკავას თქმით „საფარიმ“ პროკურატურას 2 კვირის წინ მიმართა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა უწყებისგან ჯერჯერობით პასუხი ვერ მიიღო. ის, რომ ქალი დაზარალებულად ჯერჯერობით არ უღიარებიათ, ნიშნავს, რომ იურისტებს საქმის მასალებზე წვდომა არ აქვთ და ასევე იმასაც, რომ არც ტრაილერის მძღოლისთვის წაუყენებიათ ბრალი.

რაც შეეხება გამოძიების მუხლს, ორგანიზაცია ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, ისინი კი ითხოვენ, რომ საქმეს დაემატოს გაუპატიურების მომზადების ნაწილიც. გაუპატიურების მომზადება გულისხმობს იმგვარ სიტუაციას, სადაც დამნაშავე მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ – „ყველა გარემო – პირობას ქმნის იმისთვის, რომ ეს დანაშაული ჩაიდინოს“.

თამარ ლუკავა ასევე დასძენს, რომ სხვა ხარვეზებთან ერთად, გამოძიება არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ღონისძიებებს, ის პროცედურები კი, რომლებიც ტარდება – პირიქით, ხელის შემშლელია. ჩვენს კითხვაზე, თუ რა ღონისძიებებს გულისხმობს, ლუკავა ამბობს, რომ შინაარსობრივ დეტალებში ვერ შევა, თუმცა ამატებს, რომ არასაჭირო ღონისძიებებს შორის არის ე.წ. საგამოძიებო ექსპერიმენტიც.

ამ საქმეზე ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებამ დაგვიდასტურა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობც, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

შსს ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სხვა დეტალებზე კი ჯერჯერობით არ საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი