ახალი ამბები

თანხმობის გარეშე ცხვირის ოპერაციის შემდგომი ფოტოების გავრცელებისთვის ექიმი დააჯარიმეს

17 აგვისტო, 2021 • 1442
თანხმობის გარეშე ცხვირის ოპერაციის შემდგომი ფოტოების გავრცელებისთვის ექიმი დააჯარიმეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა ექიმი, რომელმაც პაციენტის ნებართვის გარეშე მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვენა.

უწყებას აღიშნულ საქმეზე თავად მოქალაქემ მიმართა.

ინსპექტორის სამსახური წერს, რომ ექიმს პირად Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე განთავსებული ჰქონდა პაციენტის მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე პაციენტს თვალები დაფარული ჰქონდა, სახის სხვა მახასიათებლები  მარტივად იძლეოდა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

როგორც უწყება ამბობს, საქმის შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ სამედიცინო ისტორიის გახსნისას პაციენტმა წერილობითი თანხმობა განაცხადა კლინიკის მიერ მისი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში განთავსებაზე. თუმცა, მოგვიანებით, ოპერაციის ჩატარებამდე, იმავე გზით (წერილობით) უარი თქვა ფოტოსურათების სარეკლამო მიზნით გამოყენებაზე.

ექიმის მიერ ვერ იქნა დასახელებული პაციენტის ფოტოსურათებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

რაც შეეხება თავად ექიმის პოზიციას, ის აპელირებდა პაციენტის თავდაპირველ თანხმობაზე.

„ამასთან, ექიმის განმარტებით, პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოსურათებზე თანდართული ტექსტი არ მიემართებოდა კონკრეტულად ამ პაციენტს და ის იყო ცხვირის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სტანდარტული სამედიცინო-სამეცნიერო-პოპულარული აღწერა, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ სხვა პაციენტების ფოტოსურათებზე არსებული აღწერის იდენტურია“, – წერს უწყება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაციის სოციალურ ქსელში განთავსების უფლება ექიმს არ ჰქონდა მინიჭებული (და არც დავალებული) სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, შესაბამისად, ის მოქმედებდა სამედიცინო პროცედურების გამწევი კლინიკისგან დამოუკიდებლად.

„სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალობის დაცვა მნიშვნელოვანია როგორც პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემების დაცვისთვის, ასევე, სამედიცინო პროფესიისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადამიანები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების, მათ შორის, რინოპლასტიკის შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნების, მით უფრო, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროების საკითხისადმი.

ამასთან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მონაცემთა დამმუშავებელს ავალდებულებს დაიცვას მონაცემთა დამუშავების კანონით განსაზღვრული პრინციპი – დაამუშაოს მონაცემთა სუბიექტის ნამდვილი და ზუსტი მონაცემები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ექიმის მიერ პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოზე არსებული ტექსტი არ მიემართებოდა პაციენტს, ის არ იყო ნამდვილი და ზუსტი,“.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გასაჯაროებისა და პაციენტის მონაცემების დამუშავებისას კანონით დადგენილი პრინციპის დარღვევისთვის (პაციენტის არაზუსტი მონაცემების დამუშავებისთვის) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით 1000 (ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი