ახალი ამბები

პირადი ცხოვრების ინფორმაციის გავრცელებაზე სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალი წარედგინა

29 ივნისი, 2024 •
პირადი ცხოვრების ინფორმაციის გავრცელებაზე სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალი წარედგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2 ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მხილებულია 1994 წელს დაბადებული ქალი.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ქალი თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. 2024 წლის 25 მაისს, სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახვის გზით, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა მამაკაცმა და ქალმა ღამე სასტუმროში გაატარეს.

„ვინაიდან სასტუმროს ადმინისტრატორი იცნობდა დაზარალებული მამაკაცის მეუღლეს, შურისძიების მიზნით ინფორმაციის გამჟღავნება გადაწყვიტა. ბრალდებულმა ქალმა სოციალურ ქსელში შექმნა ყალბი გვერდი, საიდანაც დაზარალებულის ოჯახის წევრებს მიწერა და აცნობა, რომ დაზარალებულს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა დაოჯახებულ მამაკაცთან. აღნიშნული იმფორმაცია მან დაზარალებული ქალის ყოფილ შეყვარებულსაც აცნობა და სასტუმროს ნომრის ჯავშნის შესახებ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები გადაუგზავნა“, — აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით წარედგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი