პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ირწმუნება, რომ რუსული კანონით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის ფორმა “შინაარსობრივი თვალსაზრისით” თანხვედრაშია მონაცემთა დამუშავების მინიმიზაციის, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებთან.
ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ნეტგაზეთის კითხვის პასუხად გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, გასათვალისწინებელია, რომ საფინანსო დეკლარაციის ერთ-ერთი დანართის შენიშვნებში, რომელიც ნაღდი და უნაღდო ფორმით გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებას ითვალისწინებს, მითითებულია, რომ მიზნობრიობის გრაფა უნდა შეივსოს იმგვარად, რომ მასში არ აისახოს თანხის მიმღები პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.
სამსახურის განცხადებით, პირადი ცხოვრების პატივისცემა და პერსონალურ მონაცემთა უფლების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერ პროცესში დაცულ უნდა იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები.
„ამასთან, საყურადღებოა, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერი პროცესის კანონიერებისთვის აუცილებელია სახეზე იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებისას) და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემთა დამუშავების უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები და მონაცემთა სუბიექტებს გააჩნდეთ მონაცემთა სუბიექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრული ყველა უფლების რეალიზების შესაძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, საფინანსო დეკლარაციის შევსების საფუძველი კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევაა. ამავდროულად, საფინანსო დეკლარაციის ფორმაში მისათითებელი და დასამუშავებელი ინფორმაციის ის სახეები, რაც მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა და პერსონალურ მონაცემად მიიჩნევა, შესაბამისობაშია და მომდინარეობს თავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან და ექცევა ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ჩამონათვალში ასახული ინფორმაციის ქვეშ.
ამასთან, საფინანსო დეკლარაცია არ შეიცავს ისეთ ველებს, რომელთა შევსების გზითაც დამუშავდება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. მეტიც, სუბიექტის მხრიდან ამგვარი კატეგორიის ინფორმაციის განაცხადში მითითების თავიდან არიდების აუცილებლობაზე საფინანსო დეკლარაცია შესაბამის გაფრთხილებასაც შეიცავს.
შესაბამისად, საფინანსო დეკლარაციის ფორმა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, თანხვედრაშია მონაცემთა დამუშავების მინიმიზაციის, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებთანაც“, – აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, მონაცემთა დამუშავება უწყვეტი პროცესია და ერთი კონკრეტული გზით მონაცემთა დამუშავების ეტაპის კანონთან თავსებადობა მისი სრული ციკლის კანონიერებას არ გულისხმობს.
სამსახურის განცხადებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებისას, რეგისტრაციის მიზნებისთვის სარეგისტრაციო განაცხადის/საფინანსო დეკლარაციის ფორმის შეფასების, რეგისტრაციის გაუქმების წესებისა და პროცედურის და მონიტორინგის განხორციელების დროს, ასევე აუცილებელია დაცული იქნეს მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონიერებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტი.
კერძოდ, სამსახურის განცხადებით, თითოეული დამუშავების პროცესს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, ხოლო ცალკეული მონაცემები უნდა დამუშავდეს საამისოდ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.
გარდა ამისა, სამსახურის განცხადებით, ვინაიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში დასახელებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, მასზე ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ყველა ვალდებულება.
„მათ შორის: მონაცემთა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის, მონაცემთა დამუშავების პროცესში მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელების, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტის მექანიზმის გამოყენებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები, რომელთა დაცვის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონშესაბამისობის თვალსაზრისით“, – აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
რუსული კანონის ფარგლებში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის პორტალი უკვე ამოქმედდა.
დეკლარაციის ფორმა, რომელიც რეესტრში რეგისტრაციისთვისაა საჭირო, გაცილებით მოცულობითი და დეტალურია იმასთან შედარებით, რასაც თანამდებობის პირები ავსებენ.
გარდა იმისა, რომ დიდი მოცულობისაა, დეკლარაციის კითხვებს აჩენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების კუთხითაც.
კერძოდ, ორგანიზაციები, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მიიჩნევიან, ვალდებული არიან რუსული კანონით გათვალისწინებული რეესტრში დარეგისტრირდნენ და ამისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დეკლარაციის ფორმა შეავსონ, რომელიც იმავდროულად მისი საფინანსო დეკლარაციაა.
თავის მხრივ, საფინანსო დეკლარაციის ფორმა მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის თაობაზე, რომელთა შორის ვხვდებით შესაბამისი შემოსავლის წყაროს სახელს, გვარს, პირად ნომერს და საბანკო ანგარიშის ნომერს (ფიზიკური პირის შემთხვევაში), შრომის ანაზღაურების, სახელფასო და სამივლინებო თანხების დეკლარირების ნაწილში – თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციას, მათი სახელის, გვარის, პირადი ნომრის, საბანკო ანგარიშისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის მითითებით, აგრეთვე, ინფორმაციას სუბიექტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირის სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და მისთვის გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ, ხოლო სასესხო ვალდებულებების ნაწილში დეკლარირებას ექვემდებარება თავდები პირის სახელი და გვარი, სესხის ამ სახით უზრუნველყოფის შემთხვევაში.
ამასთან, რუსულ კანონით, მონიტორინგი და ჯარიმები ფიზიკურ პირებსაც შეეხებათ. სახელმწიფოს შეეძლება ფიზიკური პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და მათი დაჯარიმება. მათ შორის, კანონი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისგან განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის წარდგენის ვალდებულებასაც.
განსაკუთრებული კატეგორიისაა, „მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება“.