რუსული კანონის ფარგლებში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის პორტალი უკვე ამოქმედდა.
დეკლარაციის ფორმა, რომელიც რეესტრში რეგისტრაციისთვისაა საჭირო, გაცილებით მოცულობითი და დეტალურია იმასთან შედარებით, რასაც თანამდებობის პირები ავსებენ.
გარდა იმისა, რომ დიდი მოცულობისაა, დეკლარაციის ფორმა კითხვებს აჩენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების კუთხითაც.
რა ხდება
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის პორტალი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს დაემატა. ორგანიზაციები კი, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მიიჩნევიან, ვალდებული არიან რუსული კანონით გათვალისწინებული რეესტრში დარეგისტრირდნენ.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებას, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესს იუსტიციის მინისტრის მიერ პირველ აგვისტოს გამოცემული ბრძანება ამტკიცებს.
ახლა ორგანიზაციებს, რომელთაც რუსული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს, შეუძლიათ, რომ რეესტრში ნებაყოფლობით პირველ სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
რას მოიცავს დეკლარაცია
ორგანიზაცია ვალდებულია, დეკლარაციაში შეავსოს ინფორმაცია კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ, ასევე, წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.
თუმცა ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციებს დეკლარაციაში აქვთ შესატანი, ბევრად უფრო ვრცელი და დეტალურია, ვიდრე ეს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებითაა განსაზღვრული.
მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დეკლარაციის ფორმა, სხვა უამრავ ინფორმაციასთან ერთად, ითხოვს:
- ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ გაცემულ ხელფასებზე, პრემია/დანამატებზე, სამივლინებო ხარჯებზე, შრომის ანაზღაურების მიმღები პირების პირადი მონაცემების თანხლებით, მათ შორის, პირის სახელისა და გვარის, პირადი ნომრისა და საბანკო ანგარიშის ნომრის მითითებით;
- ორგანიზაცია ვალდებულია დეკლარაციაში მიუთითოს სესიებზე, კონფერენციებზე, ყრილობებზე, სემინარებსა და სხვა სამუშაო შეხვედრებზე დახარჯული თანხის ოდენობა, ღონისძიების კონკრეტული მიზნისა და თემატიკის განმარტებით.
- ორგანიზაციის მიერ პირებისათვის გაცემულ მატერიალურ და არამატერიალური ფასეულობების გადაცემაზე, მათ შორის მცირე ღირებულების აქსესუარების (მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და ა.შ.) ხარჯებზე.
- ინფორმაცია ორგანიზაციას სხვადასხვა კომუნალურ ხარჯზე, როგორიცაა: ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის ხარჯი.
- ინფორმაცია ორგანიზაციის კვებისა და სამედიცინო ხარჯებზე;
- ინფორმაცია ორგანიზაციის ქონების შესახებ, მათ შორის იჯარის ხარჯის, ასევე ოფისის ხარჯების შესახებაც, როგორიცაა საკანცელარიო საქონლის, საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შეძენის, დამონტაჟების და მოვლა-შენახვის ხარჯები.
თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ინფორმაციისა, რომლის წარდგენაც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრში დეკლარაციის შევსებისას მოეთხოვებათ.
ეს მაშინ, როცა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია გაცილებით მცირე და ნაკლებად დეტალურია. შედარებისთვის, თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციაა:
- მუდმივი საცხოვრებელი, ტელეფონი;
- ოჯახის წევრების მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი;
- თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;
- თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 20 000 ლარს;
- თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები;
- საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლება აქვთ თანამდებობის პირს, მის ოჯახის წევრს;
- თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 5 000 ლარს;
- საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში;
- საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა;
- საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 5000 ლარს.
„ასეთი ფორმის დეკლარაციას არავინ არ ავსებს“
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ დეკლარაციის ფორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრისთვის შეიმუშავა, თავის არსით უნიკალურია.
მისი თქმით, ასეთი ტიპის დეკლარაციას არც დახურულად და არც საჯაროდ არავინ ავსებს და არცერთი სუბიექტი მონაცემებს ასე დაწვრილებით არსად უთითებს.
„ეს არის ახალი დეკლარაცია, რომელიც აშკარაა, რომ სპეციალურად ამ ორგანიზაციებისთვის არის მოფიქრებული და ფაქტობრივად, ყველაზე ამომწურავია, [მოიცავს] ინფორმაციის დიდ ჩამონათვალს, რისი შევსებაც მოუწევთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან. ფაქტობრივად, ეს არის რამდენიმე სხვადასხვა დეკლარაციის გაერთიანება – ვიღაც ადგა, რამდენიმე დეკლარაცია გააერთიანა და ყველა ინფორმაცია ჩამოწერა შიგნით.
არც პოლიტიკური თანამდებობის პირები ავსებენ მსგავს დეკლარაციას, ისინი მხოლოდ ზოგადად უთითებენ შემოსავალს და, მით უმეტეს, ხარჯებს. აქ [რუსული კანონით მოთხოვნილ დეკლარაციაში] ყველა სახის ხარჯები დეტალურადაა აღწერილი, მათ შორის კომუნალური ხარჯები და ა.შ. სრულიად არაორდინალური და განსაკუთრებული შემთხვევაა“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
როგორც საბა ბრაჭველი ამბობს, ასეთი ფორმის დეკლარაციის შევსება ძალიან დიდ შრომასთან, ენერგიასთან და დროსთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, მთავრობასაც სწორედ ეს უნდა, რომ ამ ორგანიზაციების რესურსები დეკლარაციის შევსებაზე მოცდეს, სხვა ადამიანების დახმარების ნაცვლად.
„გააჩნია ორგანიზაციის სიდიდესაც, მაგალითად, რეგიონულ ორგანიზაციებს იურისტი და ბუღალტერიც არ ჰყავთ ცალკე და სრულ განაკვეთზე და მარტივი არ იქნება მათთვის ამის შევსება. ცალკე ხალხის და მნიშვნელოვანი დროის დათმობაა საჭირო. თუ დიდი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია, ამისთვის ფირმა დაიქირაოს, კი ბატონო“, – ამბობს საბა ბრაჭველი.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს დეკლარაციაში 2023 წლის მონაცემები აქვთ შესავსები, რაც, მისი თქმით, დამატებით სირთულეს წარმოადგენს.
„ვთქვათ, რომელიღაც ორგანიზაციამ ჩაატარა ტრენინგი 2023 წლის გაზაფხულზე რეგიონში და იქ შეივსო მონაწილეთა ფორმა. ამ დეკლარაციის მიხედვით, ეს აქ უნდა ჩაიწეროს და ამ ტრენინგის ორგანიზატორმა უნდა დაურეკოს ყველას, შეეხმიანოს და მოსთხოვოს, რომ იქნებ თავიანთი პირადი ნომერი უთხრან, რადგან ესეც მისათითებელია ამ დეკლარაციის ფორმაში“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
მისი თქმით, ეს ზრდის შანსს, რომ ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაციას გადაწყვეტენ და ყველა მოთხოვნას ვერ დაიცავენ, 10 ათასი ლარით მაინც დაჯარიმდნენ.
„რეალურად, ამ ხარვეზიანი შევსების მსხვერპლები იქნებიან არა ის ორგანიზაციები, რომლებიც არ შეავსებენ დეკლარაციას, არამედ ისინი, ვინც დარეგისტრირებას გადაწყვეტენ და შევსებას ეცდებიან. თვითონ კანონიდან გამომდინარე, თუ ხარვეზით იქნება შევსებული დეკლარაცია, შემდეგ ორგანიზაციას მიეცემა 10 დღის ვადა ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ ეს ხარვეზი ვერ გამოსწორდა, რადგან შეიძლება ობიექტურადაც შეუძლებელი იყოს ამის გაკეთება, ეს ორგანიზაცია მაინც დაჯარიმდება 10 ათასი ლარის ოდენობით. გამოდის, რომ ისინი ამ დეკლარაციის შევსებას დაიწყებენ, დაუკავშირდებიან ათეულობით ადამიანს, ამოწურავენ მთელი ორგანიზაციის რესურსებს და მაინც შეიძლება დაჯარიმდნენ“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
მისი თქმით, ფაქტობრივად, სახელმწიფო ორგანიზაციებს ახალისებს იმისკენ, რომ არც დარეგისტრირდნენ, არც დეკლარაცია შეავსონ და პირიქით, იბრძოლონ კანონის წინააღმდეგ.
„არღვევს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებს“
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი ცალკე გამოყოფს იმ ფაქტორს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული დეკლარაციის ფორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს არღვევს.
„ფაქტობრივადაც კატასტროფულად ძნელია ამ დეკლარაციის შევსება, რადგან უნდა დაუკავშირდეს ორგანიზაცია მათ, ვისთანაც რაიმე კონტაქტი ჰქონია წინა წელს და დაიწყოს ამ ადამიანებისგან თანხმობების მოპოვება იმაზე, რომ მათი პერსონალური მონაცემები გაასაჯაროოს“, – ამბობს საბა ბრაჭველი.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ელოდებიან, რომ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შესაბამის განცხადებას გააკეთებს.
მაისში, რუსული კანონის სამი მოსმენით მიღების შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საჭიროა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის კანონქვემდებარე აქტებში გაიწეროს მიზანი, მოცულობა, მონაცემთა კატეგორია და სხვა.
უცნობია, როგორ აფასებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული დეკლარაციის ფორმას. ნეტგაზეთმა სცადა გაერკვია, როგორია მათი პოზიცია, არის თუ არა სამსახურის რეკომენდაცია გათვალისწინებული და აღნიშნული დეკლარაციის ფორმით რამდენადაა დაცული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები. თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან პასუხი არ მიგვიღია.
„წინა განცხადება, რომელიც კანონს მოჰყვა და სადაც მითითებული იყო, რომ უნდა დაარეგულიროს დებულებამ პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები, საჯაროობის ფარგლები და ა.შ. ვნახეთ, რომ დებულებამ ეს საკითხები არათუ დაარეგულირა, არამედ უკონტროლო უფლება მისცა ამ დეპარტამენტს, რომ გამოაქვეყნოს, რაც გაუხარდება. ყველა ეს მონაცემი იქნება საჯარო“, – აცხადებს საბა ბრაჭველი.
ამიტომ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი ამბობს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ხელახლა უნდა გააკეთოს განცხადება და მკაფიო მოსაზრება დააფიქსიროს, რადგან „ეს დებულება აუქმებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს“.
განახლება:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ნეტგაზეთის კითხვას სტატიის გამოქვეყნების შემდეგ უპასუხა. წერილობით გამოგზავნილ პასუხში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ რუსული კანონით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის ფორმა შინაარსობრივი თვალსაზრისით, თანხვედრაშია მონაცემთა დამუშავების მინიმიზაციის, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებთან.
„მოცემულ შემთხვევაში, საფინანსო დეკლარაციის შევსების საფუძველი კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევაა. ამავდროულად, საფინანსო დეკლარაციის ფორმაში მისათითებელი და დასამუშავებელი ინფორმაციის ის სახეები, რაც მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა და პერსონალურ მონაცემად მიიჩნევა, შესაბამისობაშია და მომდინარეობს თავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან და ექცევა ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ჩამონათვალში ასახული ინფორმაციის ქვეშ.
ამასთან, საფინანსო დეკლარაცია არ შეიცავს ისეთ ველებს, რომელთა შევსების გზითაც დამუშავდება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. მეტიც, სუბიექტის მხრიდან ამგვარი კატეგორიის ინფორმაციის განაცხადში მითითების თავიდან არიდების აუცილებლობაზე საფინანსო დეკლარაცია შესაბამის გაფრთხილებასაც შეიცავს.
შესაბამისად, საფინანსო დეკლარაციის ფორმა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, თანხვედრაშია მონაცემთა დამუშავების მინიმიზაციის, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებთანაც“, – აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.