15 აგვისტოს მდგომარეობით, თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის ყველა საკვანძო ქალაქს, გარდა ქვეყნის დედაქალაქისა. ეს მოცემულობა მას შემდეგ დადგა, რაც დაჯგუფებამ ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ჯალალაბადი დაიკავა.
საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თალიბანმა წინააღმდეგობის გარეშე მოახერხა ჯალალაბადზე კონტროლის დამყარება.
“ჯალალაბადში ამ მომენტისთვის არანაირი შეტაკებები არ არის, რადგან გუბერნატორი ჩაბარდა თალიბანს”, – უთხრა სააგენტო Reuters-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა და დაამატა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად.
ამ ქალაქის ხელში ჩაგდება ნიშნავს, რომ დაჯგუფება აკონტროლებს გზებს, რომლებიც ავღანეთს მეზობელ პაკისტანთან აკავშირებს.
მანამდე, 13 აგვისტოს, თალიბანმა სწრაფად დაიკავა სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც. მათ შორისაა მაზარ-ი-შარიფი. ეს იყო ბოლო საკვანძო წერტილი ავღანეთის ჩრდილოეთში, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ჯერაც აკონტროლებდა. ქალაქი თალიბანისადმი წინააღმდეგობის ცენტრად მიიჩნეოდა.
ახლა ყველა საკვანძო ქალაქს თალიბანი აკონტროლებს. დარჩა მხოლოდ ქაბული: ავღანეთის დედაქალაქი, რომელსაც შეიარაღებული დაჯგუფების გააქტიურებისა და საბრძოლო მოქმედებების ფონზე, მაისიდან დღემდე, 250 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებულმა მიაშურა უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში.
თალიბანის წინსვლას, ჯერჯერობით, ვერაფერი აკავებს. ის განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც რაიმე სახის დიალოგის წინაპირობად განიხილავს, ქვეყნის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის გადადგომაა. ღანის ამ მოთხოვნისთვის ჯერ არ უპასუხია.
ამ ფონზე, დასავლეთის ქვეყნები ავღანეთიდან თავიანთი მოქალაქეების გასაყვანად ემზადებიან. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ქაბულში გაგზავნილი ამერიკელი სამხედროები ყოველდღიურად ათასობით ადამიანის გაყვანას შეძლებენ. ქვეყანაში სამხედროებს აგზავნის ბრიტანეთიც.