ახალი ამბები

“2-3 თვე გავიჭირვოთ, ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ” — ღარიბაშვილი

13 აგვისტო, 2021 • 1907
“2-3 თვე გავიჭირვოთ, ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ” — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პანდემიის მართვაში მოქალაქეებისგან თანადგომას ითხოვს და მათ მოუწოდებს, უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში თავი შეიკავონ ქორწილებისა და ქელეხების გადახდისგან.

“ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა. ძალიან ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანცია და ხალხმრავალი შეკრებების, ქეიფების, ქორწილების და ქელეხების, სამწუხაროდ, არგამართვა”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 13 აგვისტოს, ლაგოდეხში, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავად ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის სუფრაზე იქეიფა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აღნიშნა, სწორედ ქორწილები, ქეიფები და ხალხმრავალი შეკრებებია ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო.  მან მოსახლეობას აცრისკენაც მოუწოდა.

“ჩვენ ახლა მოგვიწია გარკვეული შეზღუდვების დაწესება. გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენი გათვლებით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე.

მინდა, აქვე ვისაუბრო კიდევ ერთხელ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ვაქცინების საკმარისი რაოდენობის შეტანა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ოპონენტები გვაკრიტიკებენ, კიდევ რაღაცებს გვაბრალებენ, მაგრამ ფაქტი არის სახეზე და ჩვენ ყოველთვის შედეგზე უნდა ვისაუბროთ. შედეგი არის ის, რომ ქვეყანაში 3 მლნ-ზე მეტი ხარისხიანი ვაქცინები გვაქვს — „ფაიზერი“, ჩინური ვაქცინები და ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომია ჩვენი მოსახლეობისთვის“, — აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მოსახლეობას ასევე მიმართა, დაარწმუნონ საკუთარი ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები აცრის გაკეთებაში, რადგან სხვაგვარად პანდემია არ დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი