ახალი ამბები

ირაკლი აბსანძის თქმით, პირველმა არხმა კონტრაქტი გაუწყვიტა

10 აგვისტო, 2021 • 2637
ირაკლი აბსანძის თქმით, პირველმა არხმა კონტრაქტი გაუწყვიტა

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან ცოტა ხნის წინ აცნობეს, რომ მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტენ:

“ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ, წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს” ,- აცხადებს აბსანძე.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა ტელეკომპანიის  ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი მისი მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა იყო, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ყველა თანამშრომელი უნდა იცავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა განაწესს და სოციალურ მედიაში ქცევის წესებს:

“მიზეზი იყო მისი მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ კონტრაქტით განსაზღვრულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელი უნდა იცავდეს ქცევის წესებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა განაწესს და სოციალურ მედიაში მოქცევის ფორმებს, რომელიც მან იცოდა და რომლის შესახებაც არაერთხელ იყო ინფორმირებული”, – ამბობს გვიმრაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე მიმდინარე წლის ივლისში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. 12 ივლის აქცია „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად იმართებოდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც აბსანძის დაკავებას ასახავს, ჩანს, რომ ის პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს, თუმცა მაინც აკავებენ ძალის გამოყენებით.

როგორც იგი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობდა, ხელი ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია 14 ივლისს ჩაუტარდა:

„იმპლანტი უნდა ჩადგან, შემდეგ, 6 კვირის განმავლობაში უნდა ვატარო შეხვეული და შემდეგ დამჭირდება 6-თვიანი რეაბილიტაცია, როგორც ექიმმა მითხრა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი