ახალი ამბები

სადამსჯელო ოპერაციას ჰგავდა, თავისუფალი ეთერის ფასი გადავიხადე – ირაკლი აბსანძე

13 ივლისი, 2021 • 2485
სადამსჯელო ოპერაციას ჰგავდა, თავისუფალი ეთერის ფასი გადავიხადე – ირაკლი აბსანძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და ხელი მოტეხა, აცხადებს, რომ მისი დაკავება სადამსჯელო ოპერაციას ჰგავდა.

აბსანძე 12 ივლისს, გვიან ღამით დააკავეს „ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, რაც ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც აბსანძის დაკავებას ასახავს, ჩანს, რომ ის პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს, თუმცა მაინც აკავებენ ძალის გამოყენებით.

როგორც იგი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, ხელი მოტეხილი აქვს და ოპერაცია 14 ივლისს ჩაუტარდება: „იმპლანტი უნდა ჩადგან, შემდეგ, 6 კვირის განმავლობაში უნდა ვატარო შეხვეული და შემდეგ დამჭირდება 6-თვიანი რეაბილიტაცია, როგორც ექიმმა მითხრა“.

„სადამსჯელო ოპერაციას ჰგავდა“

მისი დაკავება კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ მედიის დაშინების მცდელობად შეაფასა და ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ აბსანძე ბოლო დღეებში ფეისბუკზე ღიად აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირებს ასეთ ვითარებაში მის დაკავებას ფეისბუკზე ხელისუფლების, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიმართულ კრიტიკულ პოსტებს, აბსანძემ გვიპასუხა: „არ მინდა სპეკულაცია, მაგრამ მეც დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება“.

„ისედაც გასაგებია, რა ტოქსიკურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ესეც ამ ტოქსიკური გარემოს ნაწილია. ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის თავისუფალ ეთერსაც, და ამისი ფასი გადავიხადე“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ჟურნალისტმა.

აბსანძე იხსენებს, რა ხდებოდა მანქანაში მოთავსების შემდეგ: „მანქანაში რომ ჩამსვეს, ბორკილებდადებული და ხელებგადაგრეხილი, გვერდით მეჯდა პოლიციელი, რომელსაც ვეუბნებოდი, რომ ხელი მტკიოდა, ის კი იცინოდა, ცინიკურად იცინოდა და უფრო მიჭერდა ბორკილს. ხმა არ ამოუღია, მაგრამ აშკარად არ იყო ნეიტრალური სამართალდამცავი, ჰგავდა ეს სადამსჯელო ოპერაციას“, – ამბობს ჟურნალისტი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

ირაკლი აბსანძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე საავტორო გადაცემა „კვირის ინტერვიუ“ მიჰყავს და კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ. მაგალითად, 2021 წლის მაისში აბსანძემ პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა ამავე არხზე გასული გადაცემა „დავითგარეჯასთან“ დაკავშირებით და განაცხადა, რომ მან „ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას“.

„მითხრეს, რომ ინციდენტი ამოწურულია“

როგორც ის ამბობს, პოლიციელებმა დიდხანს ფიქრის შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე მდებრე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი გამოუშვეს: „ან რატომ დამიჭირეს, ან რის გამო გამათავისუფლეს, ეგეც არ ვიცი“.

მისი თქმით, არც ის იცის, რა მუხლით დააკავეს: „არაფერი უთქვამთ ჩემთვის. 2 საათის განმავლობაში ვითხოვდი ადვოკატთან დარეკვას, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ ჩემს ტელეფონს ვერ პოულობდნენ… შემდეგ გამოჩნდა იმ განყოფილების უფროსი და მთავაზობდნენ რაღაცაზე ხელმოწერას. ვუთხარი, რომ ადვოკატის გარეშე არ ვაპირებდი არაფერზე ხელმოწერას და შემდეგ გამიშვეს… არც ოქმი გამომატანეს, არც არაფერზე მომიწერია ხელი. გუშინ წამოვედი და მითხრეს, რომ ინციდენტი ამოწურულია“.

აბსანძე ასევე გვეუბნება: „ეს არ იყო [ჟურნალისტური] მოვალეობის შესრულება, მე იქ მართლაც გასაპროტესტებლად ვიყავი, ჩემი კოლეგის მკვლელობის და შემდეგ უკვე მეორედ, მორალურად მკვლელობის გასაპროტესტებლად, ასევე, ჰომოფობი პრემიერის გამო და ა.შ.. მაგრამ პროტესტის უფლება ამ ქვეყანაში ყველას გვაქვს, ჟურნალისტებსაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, დეპუტატებსაც კი, თუკი მოისურვებს“.

ჟურნალისტის თანახმად, ის დღეს ესაუბრა გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს, რომელმაც შეხვედრა სთხოვა. „ასევე, ცოტა ხნის წინ მომწერა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, რომ საუბარი სურს და ოდნავ მოგვიანებით ვესაუბრები“, – ამბობს ის.


„ქართული ოცნების“ ოფისთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად შენობას კვერცხები და წითელი საღებავი ესროლეს. აქ მობილიზებული იყო პოლიციის კორდონიც.

რაც შეეხება ირაკლი აბსანძეს,  ბოლო დღეებში ის ღიად აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივლისის საპროტესტო აქციაზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან 12 ადამიანი დააკავეს.

უწყება ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და ისინი გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.


12 ივლისს, საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად. მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა.

აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა, რომლის დროსაც თქვეს, რომ შესაძლოა, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება ყოფილიყო. ამის შემდეგ დემონსტრანტება „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.

იქ მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. აქციის მიმდინარეობისას შენობას კვერცხები ესროლეს და წითელი საღებავი შეასხეს.

აბსანძის დაკავება მედიის დაშინების მცდელობაა – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

მასალების გადაბეჭდვის წესი