ახალი ამბები

აბსანძის გაშვება შესაძლოა მის კრიტიკულ აზრებს უკავშირდებოდეს – კოალიცია

13 აგვისტო, 2021 • 916
აბსანძის გაშვება შესაძლოა მის კრიტიკულ აზრებს უკავშირდებოდეს – კოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აცხადებს, რომ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ირაკლი აბსანძის გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან, შესაძლოა, მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს.

ორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის მიერ ირაკლი აბსანძის გათავისუფლება „ტოვებს აღქმას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური საფუძველი ჟურნალისტის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეიძლება იყოს“.

აბსანძე 9 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა საავტორო გადაცემის, „კვირის ინტერვიუს“ წამყვანის პოზიციიდან. მიზეზად მაუწყებელი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ/არაერთგზის დარღვევას ასახელებს.

„Ბოლო პერიოდში ირაკლი აბსანძე აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კრიტიკულად აფასებდა მათ შორის 5 და 6 ივლისს მედიაზე მასშტაბურ ძალადობას და ხელისუფლების არაეფექტურ რეაგირებას. ირაკლი აბსანძე აკრიტიკებდა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სადავო ჟურნალისტურ გამოძიებას დავითგარეჯთან დაკავშირებით. Პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, რომ აღნიშნულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას“, – წერს კოალიცია.

ამასთან, ორგანიზაციები იხსენებენ, რომ „ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ აქცია დააანონსეს, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიმართეს და წამყვანის გათავისუფლება მოითხოვეს. იგივე მოთხოვნა გახმიანდა „ალტ ინფოს“ მიერ 2021 წლის 12 ივლისსაც. ამ დღეს ჟურნალისტი მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. პოლიციასთან დაპირისპირებისას ის დროებით დააკავეს, რა დროსაც პოლიციამ მას ხელი მოტეხა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აბსანძე არაერთგზის იყო საჯარო სივრცეში ძალადობრივი ჯგუფების შეურაცხმყოფელი თავდასხმის სამიზნე, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს არ გადაუდგამს ეფექტური ნაბიჯები მის დასაცავად“, – წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი თქმით, „ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებულ მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ“.

„უნდობლობას იწვევს ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნული გადაწყვეტილება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება“, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – TI
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF

ნახეთ ასევე:

ირაკლი აბსანძის თქმით, პირველმა არხმა კონტრაქტი გაუწყვიტა

მასალების გადაბეჭდვის წესი