ახალი ამბები

სუსი სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით გამოძიებას იწყებს

10 აგვისტო, 2021 • 1469
სუსი სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით გამოძიებას იწყებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყება გამოძიებას იწყებს სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით.

ოფიციალური განცხადების თანახმად, საქმე ეხება სუს-ის თანამშრომლების სამსახურებრივი მოვალეობების შესახებ ინფორმაციის საჯარო გავრცელებას.

„როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების პრევენციის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

უწყება განცხადებაში არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს. ნეტგაზეთის დამატებით კითხვებზე სუს ამბობს, რომ გამოძიებას გრიფი „საიდუმლო“ ადევს, შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი