“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების კრიტიკით საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის პროვოცირებას და ამით საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს კომფორტს უქმნის.
“აშშ-ს მთავრობამ , ევროკავშირმა, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა, პროდასავლურმა ოპოზიციამ საქართველოში, ყველამ აღნიშნა, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც არ შედიოდნენ ეგრედწოდებული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც განახორციელეს სამხედრო აგრესიის აქტი და დაიწყეს ომი.
8 აგვისტოს ომის დაწყებას აღნიშნავს მხოლოდ ორი მთავრობა მსოფლიოში, რუსეთისა და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, დუგინის ძმაკაცების ძმაკაცი ღარიბაშვილი ისევ წინა ხელისუფლებას ანუ საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის პროვოცირებას და ამით უქმნის კომფორტს საერთაშორისო ასპარეზზე, საიდანაც “ოცნებამ” მოხსნა ოკუპაციის საკითხი, ოკუპანტ სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციას. ეს კომფორტის შექმნის პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე და დუგინის ძმაკაცებთან ძმაკაცობა რა თქმა უნდა არის საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტისა და მომავლის ღალატი.”- განაცხადა კანდელაკმა.
აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას ახსნებს და აცხადებს, რომ მსგავსი “ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია” არცერთმა ხელისუფლებამ უნდა გაიმეოროს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ 8 აგვისტო გვახსენებს “ნაციონალური მოძრაობის” ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”.
მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს “ნაციონალური მოძრაობის” ღალატი”, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი “გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ”.
წელს 13 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.