ახალი ამბები

მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება და კრემლია ამ პოზიციაზე – დეკანოიძე აგვისტოს ომის დაწყებაზე

8 აგვისტო, 2021 • 1121
მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება და კრემლია ამ პოზიციაზე – დეკანოიძე აგვისტოს ომის დაწყებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე აგვისტოს ომის მეცამე წლისთავზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება და კრემლის პოზიციები ემთხვევა.

“მთელი ცივილიზებული სამყარო ერთსულოვანია რუსეთის აგრესიის შეფასებაში. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება და კრემლია ამ პოზიციაზე”, – წერს სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, დღეს ხელისუფლებამ ომში დაღუპულ გმირებს უთხრა, რომ მათი თავგანწირვა არაფერს ნიშნავდა.

“აზრი არ აქვს, მაგრამ უმეცრებისთვის, ვინც საქართველოს “პროვოკაციაზე” ლაპარაკობს:
2014 წლის 19 მარტს უკრაინულმა ჯარმა დატოვა ყირიმი. არ ყოფილა შეტაკებები, არ ყოფილა გასროლა. საერთაშორისო პარტნიორებიც ამ პოზიციაზე იყვნენ.

2014 წლის 6 აპრილს რუსეთმა უკრაინაში დონბასის ტერიტორიის ოკუპაცია დაიწყო. უკრაინაში რუსეთის აგრესია დღემდე გრძელდება.

უკრაინაში არავის უკადრებია საკუთარი სახელმწიფოსთვის: “პროვოკაცია”.
დღეს ჩვენს დაღუპულ გმირებს უთხრეს, რომ მათი თავგანწირვა არაფერს ნიშნავდა. საზარელია ეს ყველაფერი” – წერს ხატია დეკანოიძე.

აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას ახსნებს და აცხადებს, რომ მსგავსი “ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია” არცერთმა ხელისუფლებამ უნდა გაიმეოროს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ 8 აგვისტო გვახსენებს “ნაციონალური მოძრაობის” ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს “ნაციონალური მოძრაობის” ღალატი”, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი “გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ”.


წელს 13 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი