ახალი ამბები

საქართველოს ისტორია, გამარჯებისა და დამარცხებებისგან შედგება, მაგრამ წინ მიდის – პრეზიდენტი

8 აგვისტო, 2021 • 933
საქართველოს ისტორია, გამარჯებისა და დამარცხებებისგან შედგება, მაგრამ წინ მიდის – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 8 აგვისტო არა გლოვის, არამედ მომავლის იმედის დღე უნდა იყოს. ამის შესახებ მან დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთამ ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

“დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული, რომ პატივი ვცეთ იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დასდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ისინი შედიან იმ ქართველების ძალიან დიდ რიგებში, რომლებიც საქართელოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ. მე არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს ამავე დროს არის ჩვენი მომავლის იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ.

მე მახსენდება წლების მანძილზე, ძალიან ბევრს როგორ გვჯეროდა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღესაც იგივეა, შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანს, მაგრამ ჩვენ რომ ამას დღეს ვერ ვხედავთ დაზუსტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის, ამ გზის უნდა გვჯეროდეს და ეს დღე სწორედ ამ გზის დაჯერების დღეა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ასეთი მტკიცე, როგორიც დღესაა, არასდროს ყოფილა.

“ჩვენი მხარდამჭერები არიან ძალიან ბევრი, საერთაშორისო თანმეგობრობამ გამოთქვა თავისი მხარდაჭერა, რაც ასეთი მტკიცე არ ყოფილა. რამდენიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება, ესეც არის საქართველოს ისტორია, როლემლიც გამარჯებისა და დამარცხებებისგან შედგება, მაგრამ წინ მიდის. ეს ქვეყანა ამით არ ასრულდება. ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას. მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


წელს 13 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი