საგარეოს ცნობით, 2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.
სხდომის დასრულების შემდეგ მედიას ერთობლივი განცხადება გააცნეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა: ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე მომავალი წევრები – ავსტრია და პორტუგალია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ მეზობლების მიმართ რუსეთის უფრო აგრესიული პოზიციის დასაწყისი აჩვენა და რუსეთმა გააგრძელა ეს გზა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული პროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიითა და მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებებით.
განცხადების ავტორი ქვეყნები ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრასა და გაერო-ს წესდების დარღვევით განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნას, ეფექტიანი კონტროლის განხორციელებასა და საქართველოს ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას — რომელთაგან უახლესია 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „შეთანხმება მოკავშირეობისა და სიღრმისეული თანამშრომლობის შესახებ“ რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, მისი განხორციელებისთვის გადადგმულ დაუყოვნებლივ ნაბიჯებს, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქის ლიდერად დანიშვნას, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნები მიესალმნენ ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკისა“ და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან გაწვევის შესახებ.
ამასთან, მათ მოუწოდეს იმ სახელმწიფოებს, რომელთაც აღიარებული აქვთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა, მიბაძონ ნაურუს მაგალითს და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
განცხადებაში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განგრძობითი პროვოკაციები, მილიტარიზაცია, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყება, ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევები, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებები, ეთნიკურად ქართველების დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე განზრახ ზიანის მიყენება.
„კიდევ ერთხელ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობას. ამ დანაშაულების ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და პასუხი აგონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი ქვეყნები იხსენებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და რუსეთს მისი შესრულებისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ასევე მოხსენიებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის დაპატიმრების ორდერების გაცემა.
ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ რუსეთს არ შეუსრულებია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
ხელმომწერები აცხადებენ, რომ ერთგულნი რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას, ასევე ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელებას ერგნეთში.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
ჩვენ ვიმეორებთ რუსეთისადმი ჩვენს 18 წლიან მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას საერთაშორისო უფლებადამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები ორივე რეგიონში.
დასკვნის სახით, ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
