ნეტგაზეთი | გაბუნიას თქმით, კოვიდის მთავარი გამავრცელებელი ქორწილებია და არა ტურიზმი გაბუნიას თქმით, კოვიდის მთავარი გამავრცელებელი ქორწილებია და არა ტურიზმი – Netgazeti
Batumelebi | RU

გაბუნიას თქმით, კოვიდის მთავარი გამავრცელებელი ქორწილებია და არა ტურიზმი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის მთავარი გამავრცელებელი ქვეყანაში არა მუსიკალური ფესტივალები, კონცერტებია ან ტურიზმია, არამედ ქორწილები.

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაბუნიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას აპირებს მთავრობა ინფექციის ზრდის შესამცირებლად. გაბუნიამ თქვა, რომ არანაირი დამატებითი შეზღუდვა არ იგეგმება.

„არის მოსაზრება, რომ ტურისტულ სეზონს სწირავს ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანების ჯანმრთელობას…“ – ჰკითხა თამარ გაბუნიას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რაზეც მან თქვა:

„ტურიზმის ზეგავლენას ვერ დავაბრალებთ ბოლომდე არსებულ სიტუაციას, რადგან ბევრი სხვა ფაქტორია. აქ მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი [ხელშემწყობი] არის ქორწილი და სხვადასხვა შეკრება, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს და ეს არის მთავარი წყარო. კონტაქტების გამოკვლევა რომ ხდება, ჩანს, რომ ეს არ არის ტურიზმიდან გამომდინარე, ეს არის, აი, ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე“, – ამბობს ის.

ამის შემდეგ ჟურნალისტებმა გაბუნიას ჰკითხეს, თუ იცოდა მთავრობამ, რომ რამდენიმე დღის წინ ფოთში 3-დღიანი ფესტივალი ჩატარდა, გორში კი -კონცერტები.

„დღეს რაც იმართება ღონისძიებები, იქ იცავენ გარკვეულ წესებს. მთავარი რისკი არის ის ღონისძიებები, სადაც წესების დაცვა არ ხდება და ეს იწვევს ინფექციის გავრცელებას, თორემ რაც დაგეგმილია წინასწარ და სადაც ადამიანების რაოდენობა განსაზღვრულია და დისტანციაა დაცული და წესი – ის ბუსტერს არ ქმნის ინფექციის გავრცელებისთვის“, – განმარტავს მინისტრის მოადგილე და ამატებს, რომ მთავარი რისკი ოჯახური ტიპის შეკრებებია.

თამარ გაბუნია ასევე დასძენს, რომ კარგი იქნება, თუ ღონისძიებების ორგანიზატორები არააუცილებელ კონცერტებს გადადებენ – „ორგანიზატორებისგან იქნება ნამდვილად დიდი დახმარება – თუ ამას მოახერხებენ და გარკვეულ დროს მოგვცემენ, რომ გავიაროთ ეს დრო შედარებით უსაფრთხოდ“.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი. ამასთანავე, ვირუსის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ვეღარ იმოგზაურებენ.

აგვისტოს შუა რიცხვებამდე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 8 კონცერტი დაიგეგმა. პარალელურად, ტარდება და დააანონსებულია არაერთი მუსიკალური ფესტივალიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან