ახალი ამბებისამართალი

მიტროპოლიტის თქმით, 2010 წელს უშიშროებას მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება მისცა

4 აგვისტო, 2021 • 3887
მიტროპოლიტის თქმით, 2010 წელს უშიშროებას მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება მისცა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ  “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს უსაფრთხოების სამსახური უსმენდა. მისი თქმით, შესაბამისმა სამსახურმა გააფრთხილა, რომ მის საუბრებს მოუსმენდნენ და თავადაც დათანხმდა.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ნეტგაზეთს მის მოსმენასთან დაკავშირებით კითხვებზე წერილობით უპასუხა.

“გამაფრთხილეს 2010 წელს, რომ უსაფრთხოების გაზრდის მიზნით შეიქმნა საგანგებო ჯგუფი, რომელიც ეკლესიას მეტ ყურადღებას დაუთმობდა და ამ მიზნით სატელეფონო საუბრებს მოისმენდა.

უბრალოდ, გამაფრთხილეს, რომ მოსმენას იწყებნდნენ და მეც დავთანხმდი. ამასთან, ყველა ადამიანი, ვისაც ჩემთან პირადი ურთიერთობა აქვს, გაფრთხილებული მყავს, რომ სატელეფონო საუბრები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები შეიძლება ისმინებოდეს და კონფიდენციალური ურთიერთობისათვის არ გამოდგება”, – ამბობს სასულიერო პირი.

მიტროპოლიტის თქმით, მოსმენაზე იმიტომ დათანხმდა, რომ მისი აზრით,  “საკუთარი ქვეყნის უშიშროების სამსახური ქვეყნის და თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით სატელეფონო საუბრებს უნდა ისმენდეს”.

“როგორც ვიცი, მოსმენა ხდება ყველა ქვეყანაში – ეს უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, სასამართლოს ნებართვა კი სჭირდება ამ ინფორმაციის გამოყენებას. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ყველა სატელეფონო საუბარი იწერება და ინახება სხვადასხვა დროით. მაგალითად, გერმანიაში შენახვის ვადა 3 თვეა და როდესაც რამდენიმე წლის წინ გერმანიის უშიშროების სამსახურმა ამ ვადის 6 თვემდე გაზრდა ითხოვა, მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა.

ვფიქრობ, საკუთარი ქვეყნის უშიშროების სამსახური ქვეყნის და თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით სატელეფონო საუბრებს უნდა ისმენდეს, რაც საკმაოდ მძიმე შრომაა. მეორე მხრივ, ამ ჩანაწერების უკანონო გამოყენება და, მით უმეტეს, გაჟონვა და უცხო ხელში მოხვედრა უშიშროების სამსახურის თანამშრომლების უმძიმესი დანაშაულია და კანონით უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს”, – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ასევე ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.

საგამოძიებო უწყებებს მოქალაქის ფარული მოსმენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ჩაიდინა ან კავშირი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან. მოსმენის დაწყებამდე საგამოძიებო უწყება მოსამართლისაგან ითხოვს მოსმენის ნებართვას, ხოლო გადაუდებლობის შემთხვევაში იწყებს ფარულ მოსმენას, თუმცა ეს გადაწყვეტილება შემდეგ მაინც მოსამართლემ უნდა დაადასტუროს და დააკანონოს.

წლების განმავლობაში ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში ფარული მოსმენების პრაქტიკასა და წესებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ამჟამინდელი სისტემა ხელისუფლებას უტოვებს სივრცეს, კვლავაც განახორციელოს უკანონო ფარული მოსმენები, რადგან არ არსებობს ეფექტური კონტროლის მექანიზმი.

მიტრიპოლიტს ვკითხეთ, რაზე მიანიშნებს ის, რომ ეკლესიის წარმომადგენლებსაც უსმედნენ ( შესაძლოა, დღესაც უსმენდნენ) და ხომ არ ფიქრობს, რომ ეს ჩანაწერები ისევ ეკლესიის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული და ენდობა თუ არა ის სუს-ს, სასულიერო პირი გვპასუხობს:

” სუსი საკუთარი მოსახლეობის მტერი არ უნდა იყოს, არამედ დამცველი. საკუთარი ქვეყნის უშიშროების სამსახურს ყველა მოქალაქე უნდა ენდობოდეს”, – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

რაც შეეხება დღევანდელ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, მიტროპოლიტი ამბობს, რომ” ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება უშიშროების სამსახურზე არ უნდა აისახოს;  ის უნდა იყოს აპოლიტიკური და თავისი საქმე თანმიმდევრულად უნდა აკეთოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი