საპატრიარქოში 29 აგვისტოს შეხვედრა შედგა, სადაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ხელისუფლების წინასაარჩევნო შეთავაზება განიხილებოდა. საკითხისადმი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საპატრიარქოსა და მღვდელმთავრების ერთიანი პოზიციაა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს, დაჩქარებული წესით არ შეიძლება იქნას მიღებული.
ამის შესახებ შეხვედრის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან სასულიერო პირებმა კომენტარები გააკეთეს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ხელისუფლების იდეა მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერების შესახებ მოსწონთ, მსჯელობა გაგრძელდება ფორმაზე, მაგრამ ეს არ იქნება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
„სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემოთავაზება იყო, თუმცა ეს გულისხმობდა თავის შინაარსში ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამის გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით. ოღონდ რა ფორმულირებით იქნება ეს, ამაზე ისევ მიდის მსჯელობა. ერთმნიშვნელოვნად არ იქნება ეს სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების ფორმა.
სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება ეკლესიის თანხმობის გარეშე. ასე რომ, ეკლესიის თავისუფლებას არ დაემუქრება არანაირი საფრთხე“, — აღნიშნა დეკანოზმა და დაამატა, რომ პატრიარქის პოზიციის გარეშე სინოდის წევრები დასკვნას არ გამოიტანენ.
ცნობილია პატრიარქის პოზიციაც, რაზეც მანამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. მან საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრა პირველმა, დასრულებამდე დატოვა და განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ხელისუფლების შეთავაზება არ არის ის საკითხი, რომლის განხილვაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს.
„არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ შევიდე განხილვაში, მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება, მეტი აწონ-დაწონა. არ მიმაჩნია დღეს სახელდახელოდ, სასწრაფოდ იყოს საჭირო ამის განხილვა“ — აღნიშნა მიტროპოლიტმა და დაამატა, რომ ეს პოზიცია, პირველ რიგში, თავად პატრიარქს აქვს, — „პატრიარქის სურვილი ითქვა, აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნეს განხილული“.
მიტროპოლიტმა ასევე თქვა, რომ როდესაც საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება ფორმდებოდა, ილია II მაშინაც წინააღმდეგი იყო მართლმადიდებლობისთვის სახელმწიფო რელიგიის სტატუსის მინიჭებისა.
მიტროპოლიტის თქმით, მთავრობა საპატრიარქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას სთავაზობს „იმ საფრთხეების წინაშე, რაც არსებობს თანამედროვე სამყაროში“, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ იმ სახელმწიფოებშიც კი, სადაც ეკლესია მსგავსი სტატუსი აქვს, ეკლესიისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს მაინც იღებენ.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლების ინიციატივა, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მართლმადიდებლობისა არ არის მისაღები და ხელისუფლებამ ეს გაიზიარა. მიტროპოლიტმა აღნიშნა ისიც, რომ ეკლესიას ამჟამად ძალიან კარგი პოზიცია აქვს, ის მხოლოდ თუ გაუმჯობესდება, თორემ არსებითი ცვლილებების საჭიროება არ არსებობს.
„ორი აზრი არ არის. ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა. ეს არის წინასაარჩევნო პროგრამა. ეს არის შემოთავაზება და პირობა, რომლის შესრულებაზე არავითარი გარანტიები არ არსებობს. ეს შემოთავაზება გულისხმობს იმას, რომ ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მრევლისაკენ გადმოდგმული ნაბიჯი. თავიდან ეს ნაბიჯი არ იყო კარგად მოფიქრებული. ახლა ცოტა გამოსწორდა სიტუაცია. რა თქმა უნდა, ეს შემოთავაზება მოიგებს ადამიანების გულს.
სინოდის წევრებს ვუთხარი, რომ ეს არ ზღუდავს სხვა პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათაც გადადგან რაღაც ნაბიჯები. ეცადონ ადამიანების გულის მოგებას, პირიქით ნუ მოიქცევიან“, — განაცხადა მიტროპოლიტმა.
მიტროპოლიტის თქმით, არჩევნებამდე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. მღვდელმთავრები მოამზადებენ წერილს, რასაც გაუგზავნიან მმართველ პარტიას და როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტებს დაჰპირდა, წერილი საჯარო იქნება.
მიტროპოლიტმა განაცხადა ისიც, რომ მღვდელმთავრებმა „ქართულ ოცნებას“ შესთავაზეს, რომ ეს ინიციატივა არჩევნებისთვის არ დაეკავშირებინათ. ამით ის ბევრად უფრო მისაღები და კორექტული იქნებოდა.
27 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გადის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივაზე. ინფორმაცია დაადასტურეს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. ორივე მათგანი ინიციატივას ეწინააღმდეგება.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 20 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ჩამოთვლილია მიზეზები, ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ, რატომ უნდათ კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება. ამ მიზეზთაგან სამი მმართველმა პარტიამ თავიდანვე გაავრცელა. ერთზე კი თქვეს მხოლოდ ის, რომ საკითხის „კონსტიტუციით მოწესრიგებას საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს”. განცხადებაში ეწერა, რომ მმართველი პარტია საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიოდა და ინფორმაციას აგვისტოს ბოლოს გაავრცელებდა.
“ქართული ოცნებისთვის” საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროების სხვა მიზეზებია პოლიტიკური რევანში და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ოჯახური ღირებულებების დაცვის მოტივით შემუშავებული, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და ცენზურის დამკანონებელი რეგულაციების მიღება და “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები”. თუმცა მმართველ პარტიაში არც იმას აკონკრეტებენ, რას გულისხმობენ ამ უკანასკნელში.








