ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლა მედიის მიერ ხელოვნურად გამოგონილი თემაა.
რაც შეეხება მოსაყდრე შიოს სისხლში მომატებულ მეტალებს, მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, თავადაც რომ ჩააბაროს სისხლის ანალიზი, შესაძლოა მის სისხლშიც აღმოჩნდეს მეტალები მომატებული.
„მეუფე შიოს შეიძლება სისხლში მართლაც აქვს [მეტალები] მომატებული, შეიძლება მეც მაქვს და არ ვიცი. ასეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც დღეს მთელ ამერიკაში [გავრცელდა], არ არის შემთხვევითი ამბავი და ეს არ შეიძლება ვიღაცას შემთხვევით თავში აზრად მოუვიდეს[…] შსს-მ გამოაცხადა, რომ საქმის აღძვრის მოტივაცია არის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. თქვენ [მედიის] გამო დაიწყეს გამოძიება[…] მე რომ ჩავაბარო სისხლი, არ არის გამორიცხული, რომ მეც ასე მქონდეს [მომატებული მეტალები]… მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება [ვიღაცის] ინტერესში შედის, [ამის გარკვევა] ბოლოდან არის დასაწყები და ჩემი საქმე არ არის, პოლიტიკაა. ხე ნაყოფით იცნობება და ნაყოფი ისაა, რომ იმედია, მობრძანდება მეუფე შიო და ჩაატარებს წირვას. გუშინ წირა, მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, ვერ მოუწამლავს…“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა.
მისი თქმით, ოფიციალურად არ მიუმართავთ საგამოძიებო უწყებისთვის და თავად იკვლევდნენ, საიდან შეიძლება გაჩენილიყო მიტროპოლიტ შიოს სისხლში აღნიშნული მეტალები. ჯაღმაიძის განცხადებით, განიხილებოდა საკვების ვერსია, თუმცა საკვები, რომელსაც მიტროპოლიტი მიირთმევს, სავარაუდო მოწამვლასთან კავშირში არ აღმოჩნდა.
პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიტროპოლიტ შიოს ანალიზები გააგზავნეს უცხოეთშიც.
თავად პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს განცხადებით, ამჟამად თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით, ხელმეორე კვლევები „ალბათ უნდა ჩატარდეს“ და ახლა საპატრიარქოში ექიმების რჩევებს ელიან. მისივე თქმით, ამჟამად ზუსტად ვერ იტყვის, ადგილი ჰქონდა „ყოფით მოწამვლას თუ გარკვეულ ზემოქმედებას“.