პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს, რომელთაც სურთ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სურვილის შემთხვევაში, გვარებიდან რუსული დაბოლოებების (ოვ, ევ და სხვა) ამოღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჯგუფი იქმნება საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მიერ, რომელთაც სურთ საკუთარი თავდაპირველი, ავთენტური გვარების აღდგენა და არაავთენტური სუფიქსების ჩამოშორება, რისთვისაც საჭიროა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა“.
კომიტეტმა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 2 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო. ინიციატორია პლატფორმა „სალამი“. „სალამის“ განცხადებით, 2 აგვისტოდან 45 დღის განმავლობაში ორგანიზაცია 25 000 ხელმოწერას შეაგროვებს, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისშიც.
„უახლოეს დღეებში პლატფორმა #სალამი დაიწყებს კარდაკარებს და სოფლებში ვიზიტებს ხემოწერების მოგროვების მიზნით. სურვილის შემთხვევაში, მოხალისეებს შეუძლიათ, შემოგვიერთდნენ სალამის ოფისში ან/და რეგიონებში“, – წერს „სალამი“ ფეისბუკზე.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების ნაწილს უკვე დიდი ხანია სურს, რომ მათ გვარებს ჩამოშორდეს რუსული დაბოლოება.
შესაბამისი კამპანია, სახელწოდებით „გვარი დამიბრუნე“, 2020 წლის დასაწყისში წამოიწყო სამოქალაქო პლატფორმა „სალამმა“.
„გვარის რედაქტირება ჩვენი ტრადიციული გვარის დაბოლოებების დამატებით, ან უბრალოდ რუსული გვარის დაბოლოებების წაშლის გზით არის პრაქტიკულად შეუძლებელი, რადგან შესაბამისი კანონი, ბრძანება და რეგულაციები ამას არ ითვალისწინებს. განცხადებების წერის, გათვალისწინებული საფასურების გადახდის, 3-თვიანი უშედეგო ლოდინის მერე სასამართლოში გვიწევს პოზიციისა და მოთხოვნის დაცვა, რომელიც დაკმაყოფილდება თუ არა, გარანტი არაა. და თუ დაკმაყოფილდება, მაშინ საგვარეულოს ყველა წევრს იგივე ბრძოლის გავლა მოუწევთ“, – წერდა პლატფორმა სალამი 2020 წლის იანვარში.
ამიტომაც, სალამის თანახმად, დაიყეს კამპანიას, რათა „შესაბამის უწყებებს გავაგებინოთ და მოვითხოვოთ აღნიშნული საკითხის მოგვარება… საქართველოსთან ერთად ჩვენი გვარების 20 პროცენტიც ოკუპირებულია! არა რუსულ ოკუპაციას ჩვენს გვარებში“, – ეწერა პლატფორმის განცხადებაში.
#გვარიდამიბრუნე – კამპანია აზერბაიჯანული გვარებისთვის რუსული დაბოლოების მოსაშორებლად