ახალი ამბები

#გვარიდამიბრუნე – კამპანია აზერბაიჯანული გვარებისთვის რუსული დაბოლოების მოსაშორებლად

8 იანვარი, 2020 • 5080
#გვარიდამიბრუნე – კამპანია აზერბაიჯანული გვარებისთვის რუსული დაბოლოების მოსაშორებლად

საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების ნაწილს სურს, რომ მათ გვარებს ჩამოშორდეს რუსული დაბოლოება. შესაბამისი კამპანია წამოიწყო სამოქალაქო პლატფორმამ #სალამ.

“#სალამ, მეგობრებო! გვარის რედაქტირება ჩვენი ტრადიციული გვარის დაბოლოებების დამატებით, ან უბრალოდ რუსული გვარის დაბოლოებების წაშლის გზით არის პრაქტიკულად შეუძლებელი, რადგან შესაბამისი კანონი, ბრძანება და რეგულაციები ამას არ ითვალისწინებს. განცხადებების წერის, გათვალისწინებული საფასურების გადახდის, 3-თვიანი უშედეგო ლოდინის მერე სასამართლოში გვიწევს პოზიციისა და მოთხოვნის დაცვა, რომელიც დაკმაყოფილდება თუ არა, გარანტი არაა. და თუ დაკმაყოფილდება, მაშინ საგვარეულოს ყველა წევრს იგივე ბრძოლის გავლა მოუწევთ.

ამიტომაც პლატფორმა #სალამ ვიწყებთ ახალ კამპანიას #გვარიდამიბრუნე, რათა შესაბამის უწყებებს გავაგებინოთ და მოვითხოვოთ აღნიშნული საკითხის მოგვარება. ხსენებული საკითხის მოგვარებისთვის ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს ვუცხადებთ სრულ მზადყოფნას თანამშრომლობისათვის. საქართველოსთან ერთად ჩვენი გვარების 20 პროცენტიც ოკუპირებულია! არა რუსულ ოკუპაციას ჩვენს გვარებში! გვარი დამიბრუნე!”, – წერს პლატფორმა #სალამ თავის ფეისბუკ-გვერდზე.

აღნიშნული პოსტის კომენტარებში ელნურ ალისოი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა იუსტიციის სახლს, რათა გვარის დაბოლოებიდან მოეშორებინა -ევ.

“შარშან აგვისტოში მივმართე იუსტიციის სახლს და ავუხსენი, რომ ჩემს გვარში -ევ გვარის დაბოლოება არის რუსული და არაა ჩვენთვის დამახასიათებელი, არც შინაარსობრივად, არც ისტორიულად. ამიტომაც მოვითხოვე გვარში რედაქტირება ან უბრალოდ “-ევ”-ის წაშლით ან და ჩვენი ტრადიციული გვარის დაბოლოებებიდან ერთ-ერთის (-ოღლუ; -ლი; -სოი; -ჯილ და ა.შ.) დამატებით. განმიცხადეს, რომ უნდა შევიტანო განაცხადი, გადავიხადო 40 ლარი და დაველოდო 2 თვე, რის მერე უეჭველად უარყოფითი პასუხი მომივა, რადგან არცერთ მოთხოვნას არ შეესაბამებაო. 2 თვის მერე უარი რომ მოგივა, გაასაჩივრებო, თანხას არ გადაიხდი, მაგრამ 1 თვეს ისევ დაელოდებიო. ისევ უარი მოგივა, რადგან შენი მოთხოვნა შესაბამის კანონსა, გადაწყვეტილებაში და რეგულაციებში არაა მითითებულიო, უსაფუძვლოდ ჩაეთვლებაო. მერე კი შეგიძლია სასამართლოში იჩივლო და დაამტკიცო, რომ ისტორიულად -ევ არის რუსების მიერ დამატებული და არა შენი ხალხისთვის დამახასიათებელიო.

კარგად თუ წარადგენ შენს მოთხოვნას, არის შანსი, რომ მოიგოო, მაგრამ იმ შემთხვევაშიც გვაის მხოლოდ შენ შეგეცვლებაო. მაგალითად, შენს ოჯახის წევრს ან შენი თემიდან სხვამ რომ მოითხოვოს იგივე, მოუწევს ყველაფრის თავიდან გავლაო. ანუ, ძალიან რთული და დამღლელი პროცედურაა და ფაქტიურად შეუძლებელი. ამიტომაც მხარს ვუჭერ ქამრანის მამადლის (მამედოვი) წინადადებას! #გვარიდამიბრუნე”, – წერს ელნურ ალისოი.

მასალების გადაბეჭდვის წესი